ფეხბურთი

19:01 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "წელიწადში 7 თვე საქართველოში ვარ, ეს პატივისცემის საკითხიცაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა RMC Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოში მუშაობაზე ილაპარაკა, ასევე ქართულ ფეხბურთზე.

„წელიწადში 7 თვე საქართველოში ვარ, ეს პატივისცემის საკითხიცაა. შეუძლებელია ღრმად გაეცნო ქვეყანას და მის მენტალიტეტს, მოიპოვო ქვეყნის და კლუბების მხარდაჭერა, თუ იქ დროს არ გაატარებ.

ახლა მთავარი მიზანია სპარინგ პარტნიორების მოძებნა ამხანაგური მატჩებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელად (იღიმის). როცა ეროვნულ ნაკრებში ხარ ან 200 ფეხბურთელი არ გყავს, ტაქტიკურად უნდა იმუშაო. ვცდილობ, იმ ფეხბურთელებთან ადაპტირებას, რაც მყავს. ვცდილობთ, მოედანზე დაცვითი ბლოკი დავაყენოთ და შემდეგ როცა ბურთს დავიბრუნებთ, კონტრშეტევაზე სწრაფად გადავიდეთ. მოედანზე 4 მცველი გყავს, დანარჩენები უმეტესად შემტევი ნახევარმცველები ან თავდამსხმელები არიან, ეს არის არჩევანი, რომელიც ჩემთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, როცა გყავს ისეთი მეკარე, როგორიც მამარდაშვილია და თავდამსხმელი, როგორიც კვარაცხელია, მუშაობა უფრო ადვილი ხდება.

„ბორდოში“ ზურიკო დავითაშვილის ბოლო მატჩებს ვუყურე, სტადიიონზეც ვიყავი და ვნახე მისი ლამაზი გოლი. ვფიქრობ, ის იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია მენტალურად ცოტათი განთავისუფლების საშუალებას მისცემს და აღარ ჩათვლის თავს იმ გუნდის წევრად, რომელიც ყოველთვის წაგებასთან ასოცირდება. სწორედ ეს დაეტყო ბოლო მატჩებში, ის უფრო თავისუფლად თამაშობს, აღარ თამაშობს თავდახრილი, ახლა უფრო მეტად უყურებს მოედანს, ვიდრე ბურთს. დღეს უფრო მოწიფულია და შესაბამისად, უფრო ეფექტიანიც, განსაკუთრებით ბოლო მატჩებში. „ბორდომ“ დაქვეითება თავიდან რომ აიცილა, დიდწილად ზურიკოს დამსახურებაა, განსაკუთრებით ბოლო 4-5 მატჩში ბევრი საინტერესო რაღაც გააკეთა“, - თქვა სანიოლმა RMC Sport-თან ინტერვიუში, სადაც ასევე გიორგი მიქაუტაძეც გააკეთა კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს (დორტმუნდში), 22 ივნისს ჩეხეთს (ჰამბურგში) და 26 ივნისს პორტუგალიას (გელზენკირხენში) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11556