ფეხბურთი

17:00 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "შარშანდელ სეზონთან ამ "ნაპოლის" შედარება არ შეიძლება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, რთული სეზონის მიუხედავად, ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმი გააკეთოს.

„ხშირად თავს ცუდად ვიცავდით, მაგრამ ბევრ მომენტს ვქმნიდით, ხოლო ემპოლიში შეტევაშიც გვქონდა პრობლემები და ამან შემაშინა. კვირის დასაწყისში ბიჭებს ვუთხარი, რომ იმედგაცრუების მიუხედავად, ვალდებული ვართ ვიმუშაოთ და მოვუმატოთ, რათა სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ.

ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ფეხბურთელებმაც, რადგან ეს ყველას პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, რომ სიამაყეს გამოვავლენთ. ძალიან კარგ ფორმაში მყოფ გუნდს ვეთამაშებით და მოტივაციის კუთხით კარგ თამაშს ველოდები. ვიცოდი, რომ გუნდში პრობლემები დამხვდებოდა, მაგრამ მუშაობის დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ მივხვდი, რომ იმაზე ბევრად დიდი პრობლემები იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი.

ჩემპიონთა ლიგის ზონა? გავუშვით შანსი, რომ სატურნირო ცხრილში უკეთეს მდგომარეობაში ვყოფილიყავით. ახლა გეგმებს ვერ დავაწყობთ, თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩვენი მომავალი ჩვენს მეტოქეებზეცაა დამოკიდებული. მხოლოდ „რომასთან“ მატჩზე კონცენტრაციას ვითხოვ, შემდეგ ვნახოთ, ნელ-ნელა რა მოხდება.

ხშირად, როცა ბურთს ვკარგავთ, არ ვმუშაობთ სხვების შეცდომის გამოსწორებაზე. ჩემი აზრით, არ არის სწორი გასული სეზონის „ნაპოლის“ ამ „ნაპოლისთან“ შედარება, მაგალითად, კიმის და ლოზანოს შეცვლა სათანადოდ არ მოხდა, რთული სეზონი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე უნდა დამთავრდეს, რეაგირება უნდა მოვახდინოთ.

შეკრება? ორი დღით შეკრება დასაშვებია, რადგან ერთად ყოფნა საჭიროა და ხელმძღვანელობასთან ეს შეთანხმებული იყო. ხანდახან ოჯახიდან შორს ყოფნა შეიძლება დაგეხმაროს იმის გააზრებაში, რომ ბევრი რამ გაკლია. თუმცა, ეს არ იყო სადამსჯელო ნაბიჯი, არამედ ის პროდუქტიული უნდა იყოს.

პროფესიონალები ვართ, ამ საქმეში კარგი ანაზღაურებაც გვაქვს და თან ვაკეთებთ საქმეს, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდით. ასე რომ, მომავალზე არანაირმა ჭორმა არ უნდა გაფანტოს ჩვენი ყურადღება. უნდა ვიცხოვროთ იმ ამბებთან ერთად, რომლებიც ვრცელდება, რადგან ეს პროფესიის ნაწილია. მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ აწმყოში.

ფანების მხარდაჭერას დამსახურება უნდა, ჩვენ ეს უნდა დავიმსახუროთ და არა პირიქით. ძალიან მწყდება გული, როცა ვხედავ, რომ სავსე სტადიონს ვერ ვთავაზობთ ისეთ თამაშს, როგორსაც ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს და ეს ძალიან მაწუხებს. სახლში თუ სტუმრად, მათგან მხარდაჭერა ყველაფრის მიუხედავად არ გვაკლია.

არ შეიძლება ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა არ იგრძნონ ამ სიტუაციაზე. არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებ თამაშის დროს, რასაც მთელი კვირის განმავლობაში ვხედავ. ვფიქრობ, მაძოკის, დენდონკერისა და ნათანის გარდა, ყველას მივეცი შანსი თავის გამოსაჩენად.

„რომა“ სახიფათო გუნდია და ვნერვიულობ. ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან და რთულ მატჩს ველი. მიუხედავად ამისა, უნდა გავერთიანდეთ და გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, რომელიც არავის მოსწონს, მათ შორის, ფეხბურთელებსაც“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ და „რომას“ 28 აპრილს გაიმართება.

0.11936