კალათბურთი

1:58 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურჯაანის დელტა და ქუთაისი ნახევარფინალს მიუახლოვდნენ

თბილისთან ერთად დღეს რეგიონებშიც გაიმართა სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიების მატჩები. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ქუთაისმა თბილისის “რაშს” სერიის მეორე მატჩიც მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ იმერულ კლუბს ნახევარფინალამდე 1 მოგება აშორებს, თუმცა რაში, როგორც ბოლომდე მებრძოლი გუნდი, თავისას ეცდება. სერიის მორიგი მატჩი (თუ რაშმა მოიგო, მეორე შეხვედრაც) თბილისში გაიმართება.

დღევანდელი მატჩის სცენარი გუშინდელს ჰგავდა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი რაში თავიდან კი გვარიანად ჩამორჩა, მაგრამ მერე და მერე თამაში დაალაგა, ჩამორჩენა გვარიანად შეამცირა და მესამე პერიოდის ბოლო წუთზე მეტოქეს 2 ქულით – 72:74 მიუახლოვდა. ცხადია, ასეთ ანგარიშზე გულშემატკივარი ბოლო პერიოდში ბრძოლას ელოდა, რომელიც არ შედგა. მართალია, ადგილობრივ ქომაგს სულ არ უნდოდა ბრძოლის ხილვა, თუკი ქუთაისელები იოლად მოიგებდნენ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ 3 პერიოდის შემდეგ თითქმის თანაბარანგარიშიანი მატჩი ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა.

ბოლო პერიოდი და ქუთაისელთა შტურმი ერთად დაიწყო. დრო და მასპინძელთა ლიდერობ ერთდროულად და არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა. ბოლო 10-წუთეული ქუთაისმა 36:12 მოიგო და საბოლოოდ 26-ქულიანი სხვაობით – 110:84 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. იმერულ კლუბში 25 ქულით და 5 პასით დეტრეკ ბრაუნინგი გამოირჩა. 19 ქულა ჩააგდო გიორგი ოჩხიკიძემ, ხოლო გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. რაშის შემადგენლობაში 20 ქულით ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა, ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

სერიის მე-3 მატჩს თბილისი არენა 27 აპრილს უმასპინძლებს.

დღეს რეგიონში გამართული მეორე შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. მართალია, გურჯაანის ივერიონი მასპინძელ ივერიონს მთელი თამაში 8-10 ქულით უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გორელებმა მოახერხეს სიტუაციის დაძაბვა. ანგარიში 70:76 გახდა, ბურთიც ივერიონმა მოიპოვა, მაგრამ საკვანძო მომენტში მასპინძლებმა უპატიებელი შეცდომა დაუშვეს. წუთშესვენების შემდეგ, ბურთი თამაშში ვერ შეიტანეს – 5 წამის წესი დაარღვიე და ბურთთან ერთად მოგების შანსიც დაკარგეს.

მატჩი გურჯაანელთა გამარჯვებით – 80:71 (სტატისტიკა) დასრულდა და გურჯაანმა სერიაში მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. შემდეგი მატჩი გორში 25 აპრილს გაიმართება, რომელიც თუ კახურმა გუნდმა მოიგო, ნახევარფინალში გავა, თუ არადა, სერიის გადამწყვეტი, მე-5 მატჩი გურჯაანში გაიმართება.

GBF.GE

0.119099