რაგბი

18:45 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერიის მესამე მატჩში კავკასიამ თსუ-ს დამაჯერებლად მოუგო და 2:1 დაწინაურდა

სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მესამე შეხვედრაში კავკასიამ 88:74 (სტატისტიკა) დაამარცხა თსუ და ნახევარფინალს 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასიელები, რომლებმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავეს, სერიას 2:1 უგებენ მოქმედ ჩემპიონსა და რეგულარულის მეორე ადგილზე დამხურავ თსუ-ს და ახლოს არიან გვარიან საბოლოო გამარჯვებასთან. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს კი ზედიზედ 2 გამარჯვება უნდათ, რომ ნახევარფინალში გავიდნენ.

ვერავინ იტყვის, როგორ დასრულდება მომდევნო მატჩი, თუმცა იმის თქმა შეიძლება, რომ თუკი თსუ-მ ასე სუსტად ითამაშა, კავკასია გაიმარჯვებს. კავკასიელებმა მეტოქეს გუნდურ თამაშშიც აჯობეს და ინდივიდუალურშიც. თამაში საბოლოოდ 14-ქულიანი სხვაობით დასრულდა, თუმცა უნივერსიტეტელებმა ბოლო წუთებზე შეამცირეს ჩამორჩენა, როცა კავკასიამ მოედნიდან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები გაიყვანა. თსუ-მ შეხვედრა საფინალო სირენამდე კარგა ხნით, ლამის 7 წუთით ადრე წააგო, როცა სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა.

კავკასიამ ანგარიში რომ გახსნა და გალიდერდა, უპირატესობა აღარ დაუთმია. გრეგ ფარჰემმა საშემსრულებლო ოსტატობის მასტერკლასი წარმოადგინა. ახლო თუ შორი მანძილებიდან ის ბურთებს ხშირად აგდებდა, ფარქვეშ კავკასიას სტანდარტულად მძლავრი დასაყრდენი ჰყავდა აიზია ელისისა და ილია ლონდარიძის სახით. ერთი სიტყვით, თსუ-ს გასაქანი არ ჰქონდა და თუკი შედეგიანად თამაშობდა, გუნდის ლიდერთა ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებით. თსუ-მ ლიდერ კახა ჯინჭარაძეს კი თამაში არ წაუვიდა, რაც ერთის მხრივ კავკასიელთა კარგი დაცვის, მეორეს მხრივ თავად ჯინჭარაძის იშტაზე არყოფნის ბრალია.

კავკასიელებმა ძალიან გამართული და გუნდური კალათბურთი ითამაშეს, რითაც გამარჯვება დაიმსახურეს. გუნდს გამარჯვებისკენ ფარჰემმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. 14 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა ჯავაუნ უილიამსმა, ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 14 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკა ჩეჩელაშვილი, ვილი ისიანმა 6 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, გიორგი ცინცაძისა და ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა.

სერიის მე-4 შეხვედრა თბილისი არენაზე 25 აპრილს, 14:00საათზე გაიმართება.

GBF.GE

0.11413