რაგბი

10:28 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტყემალაძე: "ასეთ ფორმაში მყოფმა იტალიამ რომ მიგვიწვია, ქართული რაგბის განვითარების დასტურია"

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ იტალიის ნაკრებთან დაგეგმილ ტესტ-მატჩზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მოუთმენლად ელიან აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც 17 ნოემბერს, იტალიაში გაიმართება.

„მოუთმენლად ველით იტალიასთან სტუმრად გასამართ შეხვედრას. მათ წლევანდელ ექვს ერზე შესანიშნავი კამპანია ჰქონდათ. ის, რომ ასეთ ფორმაში მყოფმა იტალიამ მიგვიწვია, ქართული რაგბის განვითარების დასტურია. როგორც ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო გუნდებთან გამოვცადოთ.

გარკვეულწილად, იტალიური რაგბის ისტორია ჩვენთვის სამაგალითოა. ისინი ხუთი ერის კარზე დიდი ხნის განმავლობაში აკაკუნებდნენ და საბოლოოდ ამან შედეგი მოიტანა. იტალიასთან თამაში შესანიშნავი მოვლენა იქნება, როგორც ქართველი გულშემატკივრისთვის, ასევე ზოგადად რაგბის მოყვარულებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და იტალიაში გულშემატკივრის დიდ არმია გამოგვყვება“, – განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო იტალიას აქამდე ხუთჯერ შეხვედრია და ოთხი მატჩი მეტოქემ მოიგო, ხოლო ბოლო დაპირისპირება, რომელიც 2022 წელს ბათუმში გაიმართება, „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა.

0.116332