კალათბურთი

11:03 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორბმა გაუ-ს თბილისში მეორე მატჩიც მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა

სუპერლიგის დებიუტანტი, ტყიბული ორბი მიმდინარე პლეი ოფში ყველაზე წარმატებით ასპარეზობს. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2 გასვლითი გამარჯვება მოიპოვა თავისზე მაღალ პოზიციაზე განთესილ მეტოქესთან და საკუთარ მოედანზე ერთი შეხვედრაც რომ მოიგოს, ნახევარფინალში გავა.

ორბის მეტოქე გაუ-ა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც აქამდე სუპერლიგაში ოლიმპის სახელით ასპარეზობდა და საკმაოდ მაღალი შედეგებიც ჰქონდა. არც წლეულსაა ნაკლები ამბიციით გაუ, თუმცა ორბთან მეოთხედფინალურ სერიის მატჩებში აშკარად დაიჯაბნა. ორბმა თბილისი არენაზე დღს მეორე მატჩიც მოუგო გაუს – ამჯერად 106:81 (სტატისტიკა) და მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

სერია 3 მოგებამდე და მომდევნო მატჩი, თუ საჭირო გახდა მატჩები, 26 და 27 აპრილს ტყიბულში გაიმართება. ანუ ორბს 2 შანსი აქვს, საკუთარ მოედანზე 1 შეხვედრა მოიგოს და სუპერლიგაში გადასვლის პირველსავე წელს მინიმუმ საუკეთესო ოთხეულში მოხვდეს.

რადგან გუშინ, პირველ შეხვედრაში გაუ ბრძოლაში დამარცხდა, სერიის მეორე მატჩში მისგან უფრო მეტს მოელოდნენ. დავით როგავას გაწვრთნილი გაუ თავიდან იგებდა კიდეც, მაგრამ ორბმა არგი დაცვისა და მრავალმხრივი შეტევებით უპირატესობა ხელთ მალევე იგდო და პირველსავე პერიოდში დაწინაურდა. მეოთხედი სტუმრებმა 27:26 მოიგეს და დაახლოებით იგივე სცენარით მიმდინარე მეორე ათწუთეულის ბოლოს 4-ქულიანი ლიდერობა გაიფორმეს – 50:46 დიდი შესვენებისთვის.

საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ორბმა 31:15 მოიგო და მატჩის ბედი სათავისოდ ფაქტობრივად გადაწყვიტა, რაშიც ლომის წილი ტყიბულელთა ლეგიონერებს მიუძღვით. შედარებით ინერტული წინა მატჩის შემდეგ, ტრავმამოშუშებულმა ტაიან ჰოლანდმა შედეგიანი მატჩი გამოაცხო – 22 ქულა და 6 მოხსნა. საუკეთესო კი ჯონ ნეიგლი გამოდგა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე თითო მოხსნა-პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 17 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი დაგროვდა. ბომბარდირი კი ისევ კენი კუპერი გახდა, რომელმაც ამჯერად 23 ქულა მოაგროვა. ორბში 22 ქულით აიზია სმოლი გამოირჩა. ენდრიუ ლუისმა 19 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

სერიის მე-3 მატჩი 26 აპრილს, ტყიბულში გაიმართება.

GBF.GE

0.113989