გაიხსნა საკვალიფიკაციო სერია 2024-2025 წლების სეზონის სუპერლიგის ერთი საგზურისთვის, რომელშიც ზესტაფონის მარგვეთი და “სოხუმი-საქართველო” მონაწილეობენ. იმერულმა კლუბმა მიმდინარე სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 ადგილი დაიკავა და უმაღლესში ადგილის შენარჩუნება “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ სოხუმელებთან უწევს. სოხუმი-საქართველოსთვის ესაა შანსი, სუპერლიგის საგზური მოიპოვოს, რაც წინა სეზონში გორის ივერიონმა “ტიტების” ძლევით მოახერხა და სუპერლიგაში აღზევდა.
წლევანდელ საკვალიფიკაციოში სუპერლიგის გუნდი დაწინაურდა, რომელმაც დღეს, ზესტაფონში მეტოქე 93:81 (სტატისტიკა) დაამარცხა. მხოლოდ ბოლო პერიოდი დასრულდა ფრედ, დანარჩენი კი მარგვეთმა მოიგო, რომელიც ფარქვეშ დაიჩაგრა (სოხუმი-საქართველომ 17-ით მეტი ბურთი მოხსნა), მაგრამ უფრო მთავარ კომპონენტში, შორ და საშუალო სროლებში იძალა და გამარჯვებასაც მიაღწია.
მაიკლ მეოსმა 7 სამქულიანი ჩააგდო, რომელმაც შეხვედრა 32 ქულით დაასრულა. 20 ქულა და 12 პასი ჰქონდა ზესტაფონელთა მეორე უკანახაზელ მალიქ ჯეიკობს, ლუკა ზაქრაძემ 12 ულა დააგროვა. სოხუმი-საქართველოში 17 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ვასილ ბერუაშვილი. 14 ქულა და 12 მოხსნა მამუკა ბაზუაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
სერია სამ მოგებამდეა, მეორე შეხვედრა კი 22 აპრილს კვლავ ზესტაფონში გაიმართება.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია