ფეხბურთი

23:31 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბოლონი: "მიქაუტაძე "მეცის" მბაპეა"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „ლე ავრთან“ მატჩი (1:0) შეაფასა და გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა კომენტარი.

როგორც რუმინელმა აღნიშნა, მიქაუტაძე „მეცის“ კილიან მბაპეა:

„რთული მატჩისთვის მოვემზადეთ, განსაკუთრებით მენტალურად და ვფიქრობ, ამ მხრივ საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ თავი. ტექნიკური კუთხით დიდი მატჩი არ გვინახავს, მაგრამ არც ამ პერიოდში და არც ჩვენს მდგომარეობაში ზედმეტად მომთხოვნი არ უნდა ვიყოთ. გამარჯვება დაცვაში საკმაოდ კარგად ორგანიზებული თამაშის დამსახურებაა და შეტევაშიც გაგვიმართლა. ვიცოდით, რომ დადგებოდა დრო, როცა ჩვენს საჯარიმოში თავის დაცვა მოგვიწევდა.

მომენტები ჩვენც გვქონდა და მეტოქესაც, მაგრამ მენტალური სიძლიერის გარეშე, რაც გამოვაჩინეთ, ასეთ მატჩს ვერ მოიგებ. მირჩევნია, რომ სატურნირო ცხრილში ამ ზონაში ვიყოთ, ვიდრე გასავარდნ ზონაში, აშკარად აქ ყოფნა ჯობია, თუნდაც ვიცოდეთ, რომ წინ კიდევ გველოდება ჯოჯოხეთური მატჩები. ჯერ მხოლოდ „ლილთან“ მატჩზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვიმუშავებთ, რომ საუკეთესოდ ვითამაშოთ.

გიორგი არ არის მბაპე, მაგრამ "მეცის" მბაპეა. ამსტერდამის „აიაქსში“ სიხარულის დაკარგვის შემდეგ, ის ახლა იბრუნებს თავის ბედნიერებას. როცა გუნდში ბომბარდირი გყავს, უდიდესი ბედნიერებაა“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 16 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, დაბრუნების შემდეგ ეს მეორედ მოახერხა. ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მეშვიდე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა.

„მეცი“ 29 ქულით გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, ხოლო 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ლილს“ დაუპირისპირდება.

0.118777