თსუ-სა და კავკასიას შორის მეოთხედფინალური სერია გათანაბრდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 100:94 (სტატისტიკა) დაამარცხეს კავკასია და სერიის საერთო ანგარიში – 1:1 გახდა.
მატჩის დასრულებამდე 4:25 წუთით ადრე კავკასია 9 ქულით – 92:83 იგებდა და სერიაში მეორე გამარჯვების მოპოვებამდე სულ მცირედი აკლდა. თსუ-ს რომ ეს თამაში არ გადაერჩინა, სერიაში 0:2 ჩამორჩებოდა და ფაქტობრივად, გამოუვალ ვითარებაში აღმოჩნდებოდა. 0:2 ჩამორჩენის შემდეგ სერია ამ საუკუნეში არც ერთ გუნდს არ მოუგია. ასეთი რამ 90-იან წლებში ვითამ მოახერხა, როცა ფინალურ სერიას რუსთავის “აზოტთან” 0:2 აგებდა და საბოლოოდ 3:2 იმარჯვა.
კახა ჯინჭარაძის, ნიკა ჩეჩელაშვილის და ალექსანდრე ფევაძის ქულებით თსუ-მ ჩამორჩენა შეამცირა და წინაც გავიდა – 93:92. უნივერსიტეტელებმა დაცვა კიდევ უფრო გაამაგრეს, თავად კი შეტევაში სწრაფ გარღვევებს ახორციელებდნენ. ჯინჭარაძეს მხოლოდ ჯარიმებით აჩერებდნენ, თსუ-ს ბომბარდირმაც ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდა და თავისიანებს გამარჯვება გაუნაღდა.
თსუ-მ საკვანძო მატჩი მოიგო, რაც ბრძოლისა და თავდადებული თამაშის ხარჯზე მოახერხა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ჯერ კავკასია იგებდა 12 ქულას, შემდეგ – თსუ. საბოლოოდ იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც უფრო მტკიცე ხასიათი აღმოაჩნდა. თსუ-ში საუკეთესო კვლავ კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც 36 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა და 10 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მოაგროვა. 14-14 ქულა ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა და ტაირი ბოიკინმა მიითვალეს. კავკასიაში 23 ქულით ჯასტინ ფორესტი გამოირჩა. 16 ქულა, 10 პასი და 7 ჩაჭრა ლუკა მაზიაშვილმა მიითვალა. ჯავაუნ დენიელსმა შეხვედრა 15 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა.
საინტერესო და საკვანძო იქნება სერიის მესამე მატჩი, რომელიც 24 აპრილს გაიმართება და ნომინალური მასპინძელი კავკასია იქნება.
GBF.GE