ფეხბურთი

1:02 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ქამბექი "ბარსელონასთან"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ მატჩამდე თქვა, რომ დარწმუნებული იყო ნახევარფინალის საგზურის მოპოვებაში და როგორც აღმოჩნდა, ესპანელი სპეციალისტის სიტყვები უსაფუძვლო არ ყოფილა.

პსჟ-მ ერთი კვირის წინ „ბარსასთან“ 2:3 წააგო, მაგრამ სტუმრად დღეს 4:1 მოიგო და ნახევარფინალშია!

არადა, ისევ „ბარსელონასთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო, რადგან ლამინე იამალის შესანიშნავი პასის შემდეგ ახლო მანძილიდან რაფინიამ გაიტანა. ბრაზილიელმა ფრანგულ გუნდს ორ მატჩში 3 გოლი გაუტანა. თითქოს, კატალონიელთა უპირატესობა უკვე ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ფეხბურთი მცირე დეტალებისგან შედგება და სწორედ ამ პატარა დეტალმა ყველაფერი შეცვალა.

29-ე წუთზე რონალდ არაუხომ ბარკოლასთან პოზიცია წააგო და იძულებული გახდა ის წაექცია. ბოლო იმედის ჯარიმისთვის ურუგვაელი გააძევეს, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

რიცხობრივი უპირატესობა პსჟ-მ გამოიყენა. ტაიმის მიწურულს უსმან დემბელემ გაათანაბრა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდი ექვს დღეში მეორედ დაამწუხრა. მეორე ნახევარში ლუის ენრიკეს გუნდი უფრო დომინანტური გახდა.

ყველაფერი დასაწყისში გადაწყდა, როცა ჯერ ვიტინიამ შორი მანძილიდან გაიტანა, ხოლო შემდეგ დემბელემ პენალტიც მოიპოვა, რომელიც კილიან მბაპემ ზუსტად დაარტყა. კილიანმა ბოლოს დუბლიც შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

2021 წელსაც პსჟ-მ „ბარსელონა“ გააგდო ჩემპიონთა ლიგიდან, მაშინაც, პარიზში მასპინძლებმა ვერ მოიგეს (ფრე), მაგრამ ბარსელონაში 4:1 გაიმარჯვეს და ახლაც ამავე ანგარიშით მოიგეს.

„პარი სენ-ჟერმენი“ ნახევარფინალში „დორტმუნდს“ შეხვდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაუპირისპირდა (2:0, 1:1). ასე რომ, ლუის ენრიკეს გუნდი აგრძელებს ტიტულისთვის ბრძოლას, „ბარსელონა“ კი, დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას.

„ბარსელონა“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 1:4 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 4:6

ბარსელონა, „მონტჟუიკი“

მაყურებელი: 54 367

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელუ (ჟოაო ფელიქსი 82); დე იონგი (ლოპესი 83), გიუნდოგანი, პედრი (ტორესი 61); იამალი (მარტინესი 34), ლევანდოვსკი, რაფინია

მწვრთნელი: ჩავი

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, ერნანდესი, მენდესი; ზაირ-ემერი (უგარტე 77), ვიტინია, ფაბიან რუისი (ასენსიო 77); დემბელე (კოლო მუანი 88), მბაპე, ბარკოლა (ლი 77)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 რაფინია (12), 1:1 დემბელე (40), 1:2 ვიტინია (54), 1:3 მბაპე (61, პენ), 1:4 მბაპე (89)

გაფრთხილება: მარტინესი (40), ლევანდოვსკი (50), გიუნდოგანი (65), რაფინია (90), ლოპესი (90) - მბაპე (40), ფაბიან რუისი (45), მარკინიოსი (62), დონარუმა (87)

გაძევება: არაუხო (29)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 21 (9) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 3:9

მსაჯი: იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)

0.137618