რაგბი

12:46 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ ტიტული დამაჯერებლად დაიცვა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის 2024 წლის ტიტულის მფლობელს ‘ლელო’-‘აიას’ ტრადიციად ქცეული ფინალური შეხვედრა არკვევდა. ჩემპიონმა რეგულარულ სეზონში იპირველა და დებულების თანახმად, გადამწყვეტი შეხვედრაც დიდ დიღომში მდებარე ‘ლელოს’ მთავარ არენაზე გაიმართა. ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს ერთმანეთთან საშინაო შეხვედრები ქონდათ მოგებული, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონი პირველ წრეში ქუთაისს ახალგაზრდულ ნაკრებში მივლინებული მოთამაშეების გარეშე, ლამის მეორე შემადგენლობით ეწვია.

ფინალურ შეხვედრაში ‘ლელო’ პირველივე წუთზე დაწინაურდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და მგეზავმა გიგი სირბილაძემ ლამის ცენტრიდან გაიტანა ჯარიმა. მე-10 წუთზე სირბილაძემ ‘აიას’ ხაზი გაუჭრა და მასპინძელთა კვაჭმა შოთა ხელაძემ მატჩის პირველი ლელო გაიტანა. სირბილაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან მოულოდნელად გარდასახვის შესრულება დაახანა და ჩემპიონმა 2 ნაღდი ქულა დაკარგა.

8-ქულიანი უპირატესობის მიუხედავად, ‘ლელომ’ საფინალო მღელვარება დროულად ვერ მოთოკა, რითაც ‘აიამ’ კარგად ისარგებლა. დერეფანიდან კარგად ჩამოყალიბებული მოლი რიონისპირელთა ბურჯმა ბაჩო ბარათაშვილმა გარდასახული ლელოთი დააგვირგვინა. ნახევარი საათის თავს კი სირბილაძეს საკუთარ ჩათვლის მოედანთან დაუვარდა ოვალი, რითაც ‘აიას’ მხტომელმა თორნიკე ტორაძემ ისარგებლა და ქუთათურები 4 ქულით დაწინაურდნენ. ‘აიას’ მგეზავ თემურ ძოძუაშვილს პირქარში გარდასახვა გაუცუდდა. მატჩის განახლებისთანავე ‘ლელომ’ მძლავრი მოლით ანგარიშში უპირატესობა დაიბრუნა. შოთა ხელაძემ „დუბლი“ შეასრულა, სირბილაძის ზუსტმა გარდასახვამ კი ჩემპიონს ტაიმი – 15:12 მოაგებინა.

მეორე ტაიმი კი ‘ლელოს’ სრული კარნახით წარიმართა. ჩემპიონი ‘აიაზე’ ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდა და თან როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის დერეფანში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. შოთა ხელაძის დაწყებული კომბინაციით, გუნდის მარბიელმა ანდრო დვალმა ჰავბეკ გიორგი სპანდერაშვილს ლელო დაადებინა, რომელიც სირბილაძემ გარდასახა. 44-ე წუთზე ‘ლელოს’ მღლეტელი ნიკა აბესაძე საკუთარი ნახევარიდან ეფექტურად დაკიდებულ ოვალს ნახტომში დაეუფლა და ლამაზი ლელო გაიტანა. სირბილაძემ გარდასახვა მახვილი კუთხიდანაც ზუსტად შეასრულა. ‘აიას’ საპასუხო რეპლიკა კი კვაჭ ილია ჯანგავაძის გარდასახული ლელოთი დასრულდა და დასკვნითი 10-წუთიანი მონაკვეთის წინ ჩემპიონის უპირატესობამ 10 ქულა შეადგინა.

დარჩენილ დროში მეტოქეებმა კიდევ თითო გარდაუსახავი ლელოს გატანა მოახერხეს. თავი ჯერ ‘ლელოს’ ფრთა ნიკოლოზ ხალვაშმა გამოიჩინა, ბოლო წუთზე კი ‘აიას’ მხრიდან პრესტიჟის ლელო მარბიელმა ომარ ჯანგავაძემ გაიტანა. ‘ლელომ’ – 34:24 მოიგო და ტიტული დამაჯერებლად დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ ბათუ კევლიშვილის თაოსნობით ‘ლელო’ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა მთავარ არტერიად რჩება. უფროს ჭაბუკთა გუნდს უნარიანად თავკაცობს ზურა ხორბალაძე, ვისაც თანაშემწე რატი შანიძე დიდ სამსახურს უწევს. 2016 წლიდან მოყოლებული, ჭაბუკთა ‘ა’ ლიგაში ‘ლელომ’ ტიტული მეექვსედ მოიგო და აღნიშნულ პერიოდში ჩემპიონობა მხოლოდ ერთხელ დათმო.

2024 წლის ფინალური შეხვედრის მონაწილენი შესაბამისი მედლებით გამოჩენილმა ვეტერანმა მორაგბემ, სრკ-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრე ხვედელიძემ და ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა, ‘ლელოს’ აღზრდილმა ლუკა ცირეკიძემ დააჯილდოვეს. ‘ლელოს’ კაპიტანმა ანდრო დვალმა კი საჩემპიონო თასი ხვედელიძის ხელიდან ჩაიბარა.

აჭარის დედაქალაქში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ‘ბათუმისა’ და ‘არმიას’ შეხვედრაში გაირკვა. მართალია, თენგიზ გოგიბერიძის ბიჭებმა რეგულარულ სეზონში „არმიელებს“ ორივე შეხვედრა / 34:19 და 38:7 / უპრობლემოდ მოუგეს, თუმცა პოდიუმისთვის გადამწყვეტი მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა.

შეხვედრის დებიუტში ‘ბათუმი’ შუამარბ საბა კილაძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რის შემდგომ შესვენებამდე შეხვედრას სრულად ‘არმია’ აკონტროლებდა. გია ჯავახიშვილის შეგირდები სწრაფად, ლაღად მოქმედებდნენ, გამოთავისუფლებული სივრცეც მაქსიმალურად გამოიყენეს და მიჯრით 3 ლელოს დადება / ბურჯი ნიკოლოზ მაღლაფერიძე, შუამარბები: ლაშა გოგოლაძე და დავით ბარბაქაძე / მოახერხეს. ფულბეკმა რაულ ჩორგოლაშვილმა მხოლოდ 1 გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი ‘არმიამ’ – 17:7 მოიგო.

მეორე ტაიმში შეხვედრის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ‘ბათუმმა’ ტემპს უმატა და სტატიკაშიც იძალა. აჭარლები რაქს დროულად ასუფთავებდნენ და მოლსაც კარგად აყალიბებდნენ. მღლეტელ თამაზ დუმბაძისა და კვაჭ ნიკა ბერიძის გარდაუსახავი ლელოებით მასპინძლებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ბოლო წუთზე კი მორიგი მიძალების შედეგად მოპოვებული ჯარიმა შუამარბმა ბუბა ნოზაძემ ძელებს შუა გაატარა და საკუთარ გუნდს დრამატულ ბრძოლაში – 20:17 მოაგებინა. ‘ბათუმმა’ პოდიუმი მიჯრით მეორედ გაახერხა და გასული სეზონის მსგავსად ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117762