ფეხბურთი

0:50 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "იუვენტუსის" რეკორდის დამხობის შანსი დაკარგა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ინტერმა“ „კალიარისთან“ შინ ქულები დაკარგა და ჩემპიონობას საფრთხე ცხადია, რომ არ ემუქრება, მაგრამ რეკორდის დამყარების შანსი დაკარგა.

„ინტერი“ სეზონის ბოლომდე ყველა მატჩს თუ მოიგებდა, 103 ქულით დაასრულებდა სეზონს, რაც სერია A-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნებოდა. თუმცა, დაკარგული ორი ქულის შემდეგ სიმონე ინძაგის გუნდმა დარჩენილი მატჩები რომ მოიგოს, მაქსიმუმ 101 ქულას დააგროვებს, რაც რეკორდისთვის საკმარისი არ არის.

2013-2014 წლების სეზონში ჩემპიონი „იუვენტუსი“ გახდა 102 ქულით, რაც რეკორდია და მას „ინტერი“ ვერ მოხსნის.

მილანელები სარდინიელებთან მარკუს ტურამის და ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლებით ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ელდორ შომუროდოვმა და ნიკოლა ვიოლამ ორჯერვე გაათანაბრეს და კლაუდიო რანიერის გუნდმა ქულა მოიპოვა.

„ინტერი“ „მილანს“ 14 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში შეუძლია ჩემპიონობის გაფორმება, თანაც, „დერბი დელა მადონინაში“. „ნერაძურის“ დერბიში ჩემპიონობის განაღდება მხოლოდ მოგებით შეუძლია.

„კალიარი“ 31 ქულით მე-14 ადგილზეა და სერია A-ში დასარჩენად ბრძოლას აგრძელებს, მომდევნო ტურში კი, „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

0.110433