ფეხბურთი

20:02 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "ბიჭები გავაფრთხილე, ვიცოდი, რომ ვერ მოვიგებდით"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ფროზინონესთან“ მატჩის შემდეგ (2:2) კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს სიმყარე აკლდა და თავიდანვე მიხვდა, რომ თამაშს ვერ მოიგებდნენ.

„სამწუხაროდ ისევ მიწევს გამეორება იმის, რაც წარსულშიც ვთქვი - მყარი გუნდი არ ვართ. ეგრევე მივხვდი, რომ ვერ მოვიგებდით და შესვენებაზე ბიჭები გავაფრთხილე კიდეც, რომ ამ დამოკიდებულებით თამაშს ვერ მოვიგებდით. ასევე მატჩამდე გავაფრთხილე გუნდი, რომ სწრაფი გოლი დაგვჭირდებოდა, განსაკუთრებით სიცხიდან გამომდინარე, რაც შევძელით, მაგრამ შემდეგ დავალებები ვერ შევასრულეთ.

მეტი უნდა გაგვეკეთებინა და პირველ რიგში იმიტომ, რომ შინ მოგვეგო. არ გამოგვივიდა და ეს დიდი იმედგაცრუებაა. უნდა ვგრძნობდეთ საფრთხეს, სამაგიეროდ კი, მეტოქეს კონტრშეტევების საშუალება ძალიან მარტივად მივეცით. სამწუხაროა გაშვებული გოლები, არ შეიძლება ჩვენი დონის გუნდი ასეთ გოლებს უშვებდეს, რადგან შეუძლებელია მოსაგებად ყველა მატჩში 3 გოლის გატანა. გუნდურად ვერ ვითამაშეთ პრესინგის დროს და დღეს ერთხელაც არ მქონია გუნდის სიმყარის განცდა.

მომავალი? სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მაკავშირებს, „ნაპოლისთან“ მომდევნო თვეებზე ვარ შეთანხმებული. უბრალოდ მინდა, რომ სეზონის ბოლომდე კარგი შედეგები ვაჩვენოთ. ნეაპოლი ჩემი სახლია, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა გააკეთებს შეფასებებს, როგორც წესი და რიგია“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 აპრილს, სტუმრად „ემპოლის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111535