ფეხბურთი

16:40 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი, "ნაპოლიმ" ქულები ისევ დაკარგა

„ნაპოლისთვის“ მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებელია და კიდევ ერთხელ დაკარგა მნიშვნელოვანი ქულები, რითაც ალბათ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საბოლოო იმედიც გადაიწურა.

არადა, ფრანჩესკო კალცონას გუნდი გასავარდნ ზონაში „ფროზინონეს“ მასპინძლობდა, რომლის წინააღმდეგ საქმე სარევანშოდაც ჰქონდა, რადგან დეკემბერში თასზე ამ გუნდში შინ 0:4 წააგო. ამჯერად, „ნაპოლიმ“ არ წააგო, მაგრამ ვერც მოიგო.

მე-16 წუთზე ანგარიში მატეო პოლიტანომ ულამაზესი გოლით გახსნა. 30-ე წუთზე გათანარება შეეძლო სტუმარ გუნდს, მაგრამ ალექს მერეტმა მატიას სულეს პენალტი არ გაატანინა და ტაიმი ნეაპოლელებმა 1:0 მოიგეს.

თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს. მერეტის უხეში შეცდომით ვალიდ შედირამ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. მალევე ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო ორჯერ გატანა, მაგრამ ჯერ მცირედით არაზუსტად დაარტყა, შემდეგ მეკარემ აუღო ძალიან ძლიერი და მაგარი დარტყმა.

63-ე წუთზე ხვიჩამ კიდევ დაარტყა კარისკენ, მაგრამ სანამ ბურთი კარამდე მივიდოდა, ფეხი ვიქტორ ოსიმენმა დაუხვედრა და წინ გაიყვანა „ნაპოლი“. ამრიგად, ხვიჩას აქტივს საგოლე პასი შეემატა.

თუმცა, 10 წუთის შემდეგ ვალიდ შედირამ დუბლი შეასრულა მასპინძელთა დაცვის მორიგი სუსტი თამაშით და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. გამარჯვების გოლთან ახლოს იყო კვარაცხელია, მაგრამ მას მეკარემ კიდევ ერთი დუელი მოუგო.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 აპრილს, სტუმრად „ემპოლის“ დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ „ფროზინონეს“ რიგებში სათადარიგო სკამზე იყო გიორგი კვერნაძე.

„ნაპოლი“ – „ფროზინონე“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 პოლიტანო (16), 1:1 შედირა (50), 2:1 ოსიმენი (63), 2:2 შედირა (73)

0.136344