რეგიონული ლიგის გამარჯვებულს ‘წიქარასა’ და ‘რუსთავის’ შეხვედრა გაარკვევს. სატიტულო შეხვედრა ნეიტრალური მოედანზე, გორის ჭალის დასახლებაში 27 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ რეგულარულ სეზონში ‘წიქარამ’ ქვემო ქართლელებს ორივე შეხვედრა (36:18 და 19:13) მოუგო. პაატა რიკაძის ბიჭებმა პირველობის ყველა შეხვედრა მოიგეს და ფინალს დაუმარცხებლებმა უწიეს.
რეგიონული ლიგის ფინალში გამარჯვებული გუნდი მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში ითამაშებს, ხელმოცარული გუნდი კი კლასში ამაღლებას, პირველი ლიგის ბოლოსწინა, მე-9 ადგილოსან ქუთაისის ‘ბაგრატთან’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება.
‘წიქარას’ ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ‘მეკობრეებთან’ ბათუმში 104:7 ქონდა მოგებული და საპასუხო შეხვედრა დედაქალაქში ფორმალურ ხასიათს ატარებდა. გარემოებათა გამო მოწინავე კვარტეტში ბოლო მომენტში მოხვედრილმა აჭარლებმა ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერც ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაუწიეს. ‘წიქარამ’ ‘მეკობრეებს’ 11 უპასუხო ლელო დაუდო და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 73:0 მოიგო. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე ‘წიქარას’ ფრთა ლუკა ბურდული გახდა, ვინაც „პენტა-თრიკის“ (5 ლელო) შესრულება მოახერხა.
განსაკუთრებულ ინტერესს ‘ფენიქსი’-‘რუსთავის’ მეორე ნახევარფინალური შეხვედრა იწვევდა. სამტრედიელებმა ქვემო ქართლელებს ქუთაისში, „აია არენას“ ხელოვნურ საფარიან მოედანზე უმასპინძლეს. იმერლებს რუსთავში პირველი შეხვედრა 2-ქულიანი სხვაობით (30:28) ქონდათ მოგებული და წყვილში ფავორიტად ‘ფენიქსი’ ითვლებოდა, თუმცა მატჩის მსვლელობამ სპეციალისტთა პროგნოზი გააქარწყლა.
მატჩი რუსთაველთა კარნახით წარიმართა. ძმები აქუბარდიების შეგირდებმა იმერლებს ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ და ისიც მცირე ხნით მისცეს. ‘რუსთავის’ ლიდერის, გამოცდილი ბორჯღალოსანის რამაზ ხარაზიშვილის დებიუტში გატანილ ჯარიმას, ‘ფინიქსის’ შუამარბ საბა ცაგარეიშვილის გარდაუსახავი ლელო მოჰყვა. მართალია, პირველ ნახევარში სამტრედიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება (ფიჯელი ფულბეკი ლუკ ლუტუნავანუა) მოახერხეს, თუმცა შესვენებაზე 6-ქულიანი დეფიციტით წავიდნენ. ხარაზიშვილის გატანილ 3 ჯარიმას, მარბიელ გიორგი ჭონქაძის გარდასახული ლელო მოჰყვა, რამაც ქვემო ქართლელებს ტაიმი 16:10 მოაგებინა.
მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში ‘ფენიქსმა’ კიდევ ერთი ფიჯელი ლეგიონერის, ფრთა ლეო ნიკასაუს გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა თამაშის უკეთესი ორგანიზაციის მქონე ქვემო ქართლელებს მატჩის სადავეები ხელიდან არ გაქცევიათ. დარჩენილ დროში სტუმრებმა, კვაჭ მერაბ მენაბდისა და ფრთა ფრიდონ კილაძის გატანილი ლელოთა წყალობით 12 უპასუხო ქულა მიითვალეს და შეხვედრა სასურველი სხვაობით მოიგეს – 28:15. 2 მატჩის ჯამური შედეგით (56:45) გამარჯვებული ‘რუსთავი’ ლიგის ფინალში ითამაშებს.
RUGBY.GE