რაგბი

0:06 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ‘აია’ ფინალში, ‘ლელო’ მცირე ფინალში

ქუთაისის ‘აიამ’ ‘ლელო სარასენსი’ თბილისში, „ლელო არენაზე“ 27:10 დაამარცხა და დიდი 10-ის ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

‘ლელო’, როგორც რეგულარული გათამაშების გამარჯვებული, შესარჩევ ფინალში მასპინძლის სტატუსით სარგებლობდა. მას ‘აია’ მიმდინარე სეზონში ორჯერ ყავდა დამარცხებული (სტუმრად 28:24, შინ 23:19), თუმცა ამ კონკრეტულ თამაშს სტუმრები უკეთ მომზადებული შეხვდნენ. ‘აიამ’ მასპინძლების შეცდომები კარგად გამოიყენა, დაცვაში საიმედოდ გაისარჯა და მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ დარჩა კაცნაკლული, დიდ დიღომში სასურველი შედეგი დააფიქსირა.

ქუთაისელებმა თამაშზე ქომაგი ორი ავტობუსით იახლეს. ‘ლელოს’ „ლელო არენაზე“ ქომაგი არასდროს აკლდა და ტრიბუნებზეც სარაგბო ატმოსფერო შეიქმნა, რამაც მოედანზე გაჩაღებულ ბრძოლას დამატებითი ელფერი შესძინა.

მატჩის დებიუტში მასპინძლებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და სტუმრებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. დიდი დიღმელები ჯერ ფეხით თამაშისას შეცდნენ, ‘აიამ’ მოედნის ცენტრში აუტის მოწოდების უფლება მიიღო, გიორგი ბაბუნაშვილმა ბურთი ფეხით გადაკიდა, მას გიორგი ფრუიძე მიყვა და მე-2 წუთზე ანგარიში ლელოთი გაიხსნა. ბაბუნაშვილმა გარდასახვის შემდეგ მე-6 წუთზე 47 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა.

მე-13 წუთზე ‘ლელომ’ მეტოქის 22-ში დაკარგა ბურთი და სწრაფი კონტრშეტევა მიიღო. ამირან შვანგირაძემ მარჯვენა ფრთაზე სისწრაფე აკრიფა და სამ მბოჭავს გასცდა, მერე ნოდარ დოლიძეს ოფლოუდი გაუხერხა, რომელმაც გრძელი გადაცემით ჯოსევანი ნდრავა მოძებნა და მისი გამჩერებელი აღარავინ დარჩა. ბაბუნაშვილი გარდასახვიდან ამჯერადაც ზუსტი იყო – 0:17.

რადგან შეტევის დალაგება ვერ მოხერხდა, ირაკლი ყიასაშვილმა 22-ე წუთზე მეტოქეს ჯარიმით უპასუხა, მალე კი ნდრავამ ყვითელი ბარათი მიიღო და ‘აია’ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. მასპინძლებმა ამით ვერ ისარგებლეს და პირიქით, 38-ე წუთზე ჯარიმა მიიღეს. ტაიმის ბოლოს სტუმრები კიდევ ერთხელ დარჩნენ კაცნაკლული (სინბინში შოთა არეშიძე მოლის ჩაქცევისთვის), მაგრამ სტუმრებმა წითელ ზონაში თავი დაიცვეს – 3:20.

მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე ‘აია’ შეცდა, ამჯერად თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა ‘ლელომ’ წამოიწყო, გიორგი კურტანიძემ ბურთს ფეხი ორჯერ წაკრა და მართალია მას თავად ვერ დაეუფლა, მაგრამ ოვალი გიორგი ჩიქოვანს ჩაუვარდა ხელში და მისი ლელო ყიასაშვილმა გარდასახა.

ქუთაისელები ამან არ გატეხა, ორგანიზებული დაცვით მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცეს და 65-ე წუთზე მეტოქის მორიგი შეცდომით ისარგებლეს. ცენტრში ბურთი სახელაშვილს დაუვარდა, ის ფრუიძემ აიტაცა და კარგად იარა, მერე ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც ‘აიას’ რიცხობრივი უპირატესობა ქონდა და ოთარ მეტრეველმა ლელო გაიტანა. 100%-იანმა ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

73-ე წუთზე ყვითელი ბარათი გიორგი სინაურიძემ მიიღო და ‘აია’ მესამედ დარჩა კაცნაკლული, მაგრამ თავი ამჯერადაც კარგად დაიცვა და 27:10 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ფრუიძე გახდა.

ქუთაისის ‘აიამ’ ფინალის საგზური ორი წლის შემდეგ ისევ მოიპოვა და 28 აპრილს „ავჭალაზე“ მე-5 ჩემპიონობისთვის ითამაშებს. ვინ იქნება მისი მეტოქე 21 აპრილს გაირკვევა. ამ დღეს ‘ლელო’ ქუთაისის ‘არესსა’ და ბოლნისის ‘ყოჩებს’ შორის გამარჯვებულს (გაიმართება 14 აპრილს, 14:30 საათზე „აია არენაზე“) დაუხვდება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113989