რაგბი

0:20 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ტურაშვილი: „საქართველოს შეუძლია და იმსახურებს უმაღლეს დონეზე თამაშს“

„ვფიქრობ, ახლა არა მხოლოდ ჩვენ ვირწმუნეთ, არამედ სხვა ადამიანებსაც დავანახეთ, რომ ქართულ რაგბს გაცილებით მეტი შეუძლია და იმსახურებს უმაღლეს დონეზე თამაშს“ – ამბობს უმცროსი ბორჯღალოსნების ბურჯი გიორგი ტურაშვილი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის შეფასებისას.

30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიის ქალაქ პარმაში ექვსი ერის გუნდებთან სამი თამაში გამართეს, საფრანგეთი ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 20:19 დაამარცხეს, შოტლანდიასთან და ინგლისთან კი არცთუ სამართლიანი მსაჯობის პირობებში, შესაბამისად, 8 (14:22 შოტლანდიასთან) და 7 (19:26 ინგლისთან) ქულა დათმეს.

„საქართველო პირველად გავიდა ექვსი ერის ფესტივალზე და ძალიან დიდ სიხარულთან ერთად, ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოცდილება. მართალია ძალიან ძლიერ საფრანგეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მაგრამ ცოტათი დამწუხრებული ვარ, რადგან ინგლისთან და შოტლანდიასთან გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ყველა თამაშის მოგება შეიძლებოდა, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ეს ვერ მოვახერხეთ“ – აღნიშნავს ტურაშვილი და განაგრძობს:

„პირადად მე ფესტივალზე გამგზავრებამდეც მჯეროდა, რომ საქართველო ამ გუნდების ტოლ-სწორი გუნდია და სამივე თამაშის მოგება შეიძლებოდა. ყველანი ამ აზრზე ვიყავით და განვითარებასთან ერთად გამარჯვებებს ვგეგმავდით. გვქონდა თავდაჯერება და ყველა თავდაუზოგავად ვშრომობდით“.

ვინ იყო ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე და რა შედეგი დადგებოდა ამ გამოცდილების ფონზე, ფესტივალი თავიდან რომ იწყებოდეს? ამასთან დაკავშირებით ტურაშვილი ამბობს:

„ყველა გუნდს აქვს უნიკალური სათამაშო სტილი და ყველა მათგანი საკმაოდ ძლიერია. ვფიქრობ, საფრანგეთი მათ შორის საუკეთესო იყო, რადგან ფიზიკურობასთან ერთად, იყვნენ ძალიან სწრაფები და ტაქტიკურად კარგად განსწავლულები, თუმცა მათთან თამაში ყველაზე კარგად წაგვივიდა. მე არ მიყვარს წინასწარ საუბარი, შენი შესაძლებლობები თამაშმა და შედეგმა უნდა აჩვენოს, თუმცა გავმეორდები – სამივე შეხვედრის მოგება შეიძლებოდა. ვფიქრობ, ამ გამოცდილებით ნაკლები წნეხი და მეტი თავდაჯერებულობა გვექნებოდა“.

გიორგი ტურაშვილი საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით უკვე ერთი წელია ინგლისში, ‘იფსვიჩში’ ხვეწს უნარებს და იქ კიდევ ერთი წელიწადი დარჩება:

„ეგრეთწოდებულ „სქულ-რაგბიში“ უკვე ერთი წელიწადია ვთამაშობ. გარდა ამისა რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე ‘ნორთჰემპტონის’ აკადემიის შემადგენლობაში. იქ მიღებული გამოცდილება ძალიან მეხმარება. ინგლისელებს ხელით თამაში უყვართ. გუნდმა ხელდახელ შეტევა შესაძლოა საკუთარი 5-მეტრიანიდანაც წამოიწყოს. განსხვავებული სტილისა და ტაქტიკის მქონე გუნდებთან თამაში, ასევე მსაჯობასთან შეხება ძალიან გეხმარება განვითარებაში და გაყალიბებს იმად, რაც ხარ“.

RUGBY.GE

0.129635