იტალიის სერია A-ს საკალათბურთო ლიგამ გასული ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა და საუკეთესო ხუთეულში საქართველოს ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია შეიყვანა.
ქართველმა კალათბურთელმა „ვენეციასთან“ შეხვედრაში 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 8-დან 5 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მონაწილეობით მომენტი ტოპ 10-ში პირველ პოზიციაზე გავიდა. შენგელიამ კარგი პასი ანტე ჟიჟიჩს გაუკეთა, რომელმაც ორქულიანი ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 18 გამარჯვებით და 8 მარცხით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე 14 აპრილს, „კრემონას“ დაუპირისპირდება.