ფეხბურთი

14:46 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩემთვის მთავარი ჯილდო ჩემი ფეხბურთელების სიხარულის ნახვაა"

დიუსელდორფში ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მთავარი მწვრთნელების შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მისთვის მთავარი ჯილდო ფეხბურთელების სიხარულის ნახვაა. სანიოლმა ასევე აღნიშნა, რომ არასდროს დაავიწყდება ის, თუ როგორ ზეიმობდა მთელი საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან დიდი ემოციაა, მითუმეტეს, როცა პირველადაა. ეს ჩვენთვის სიახლეა და ძალიან ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. ეს ნიშნავს, რომ ვუახლოვდებით მაღალ დონეს. საქართველოში ამას რამდენიმე ათეული წელი ელოდნენ და სასიამოვნოა ერთად ზეიმი, არა მარტო საფეხბურთო სამყარო, არამედ მთელი ქვეყანა ზეიმობდა, ახალგაზრდები, მოხუცები, ყველამ ერთად აღნიშნეს და ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.

ეროვნული გმირი? არა, არა. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი ფეხბურთელების, ფედერაციის მუშაკების გახარებული ნახვა ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

ჩვენი ამბიცია ისაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. როდესაც მეტოქედ საბერძნეთი გვერგო, ჩვენ თავს ვუთხარით, რომ მათ ევროპის ჩემპიონატი მოგებული ჰქონდათ, ჩვენ კი, იქ არასდროს გვითამაშია. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ყურადღება არ მიაქციონ შედეგს, არამედ მხოლოდ თამაშს და ასე შეიძლება კარგი სიურპრიზები მიიღონ.

„ბაიერნი“? თამაშის ყურებას ჩემს შვილთან ერთად ვაპირებ და ვისიამოვნებთ, რადგან „ბაიერნი“ მოიგებს. რატომ? იმიტომ, რომ „ბაიერნი“ ყოველთვის იმარჯვებს (იღიმის - რედ). უფრო სერიოზულად კი, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. მე იქ აღარ ვარ, მაგრამ ვრჩები „ბაიერნის“ ყველაზე დიდ გულშემატკივრად. ვფიქრობ, ცუდი სეზონი მათ დაეხმარებათ, რადგან დაფიქრდებიან, რა მოხდა, რა ვქნათ და როცა „ბაიერნი“ რაღაცებს ცვლის, ამას ყოველთვის პოზიტივი მოაქვს“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს (დორტმუნდში), 22 ივნისს ჩეხეთს (ჰამბურგში) და 26 ივნისს პორტუგალიას (გელზენკირხენში) დაუპირისპირდება.

0.116997