საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თურქულ „ტრაბზონსპორს“ ისევ დაუკავშირეს.
როგორც Ligazwei.de წერს, „კარლსრუეს“ სეზონის ბოლოს ტიმ როსმანი და იგორ მატანოვიჩი დატოვებენ, რომლებიც კლუბში იჯარით არიან, შესაბამისად, გუნდს მხოლოდ ორი თავდამსხმელი, ზივზივაძე და ფაბიან შლოზენერი რჩება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ზაფხულში კიდევ ორ თავდამსხმელს დაიმატებენ.
ბუდუს მიმართ კი, ინტერესს „ტრაბზონსპორი“ იჩენს, რომელიც თურქეთის სუპერლიგაში მესამე ადგილზეა და მომდევნო სეზონში ევროთასებზე ითამაშებს, რაც შეიძლება ტრანსფერში გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, 30 წლის ქართველი ტოპლიგის გუნდიდან შეთავაზებას დაელოდება, მაგრამ არც ევროსარბიელზე თამაშის პერსპექტივაა ურიგო.
II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 26 მატჩში 10 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი, რაც შესანიშნავი სტატისტიკაა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართველი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 10-ჯერ იყო. ბუდუს „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მოსალოდნელია, რომ ევრო 2024-მდე ის თავის საკლუბო მომავალზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.