რაგბი

12:14 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა | დრამა რუსთავში, ‘წიქარა’ კი - ფინალში

რეგიონული ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები რუსთავსა და ბათუმში გაიმართა. „ხარები არენაზე“, აღმოსავლეთის მეორე ადგილოსან ‘რუსთავს’ დასავლეთის გამარჯვებული სამტრედიის ‘ფენიქსი’ ესტუმრა. აღმოსავლეთის გამარჯვებული ‘წიქარა’ კი აჭარის დედაქალაქში, დასავლეთის მეორეადგილოსან ‘მეკობრეებს’ დაუპირისპირდა.

‘მეკობრეებს’ რეგულარულ სეზონში სპორტული შედეგით თავი დიდად არ გამოუჩენია და ბათუმელები პლეი ოფში სარაგბო საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობ გარემოებათა გამო მოხვდნენ. ‘წიქარამ’ კი აღმოსავლეთში დამაჯერებლად იპირველა, ყველა შეხვედრაში იმარჯვა და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხა. პაატა რიკაძის ბიჭები წყვილში უპირობო ფავორიტად ითვლებოდნენ, რაც პირველმა შეხვედრამაც ნათლად დაადასტურა.

‘წიქარა’ მასპინძლებს რაგბის ყველა კომპონენტში გვარიანად აღემატებოდა, ქულათა სამნიშნა სამატჩო მონაგარს უწია და საპასუხო შეხვედრაც ფორმალობად აქცია. პაატა რიკაძის შეგირდებმა ‘მეკობრეებს’ 16 ლელო დაუდეს. კვაჭმა ჯაბა ციხელაშვილმა, შუამარბმა გოჩა ფილიამ და მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა სანდრო ირემაშვილმა „დუბლი“ შეასრულეს. ბათუმელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხს, პირველი ტაიმის მიწურულს ჰავბეკ ლევან კოჩალიძის გატანილი ლელოთი გადაურჩნენ – 104:7.

ქვემო ქართლის დედაქალაქში, ‘რუსთავი’-‘ფენიქსის’ შეხვედრას კი დაძაბულობა და ვნებათაღელვა მატჩის პირველივე წუთებიდან არ მოკლებია. მატჩის დებიუტში ‘ფინიქსის’ ფრთის მოთამაშე არასპორტული ქმედების გამო წითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა ხსენებულმა გარემოებამ სტუმართა თამაშის ხარისხი ვერ დააკნინა. სამტრედიელებს ზურგს მრავალრიცხოვანი ქომაგის აქტიური მხარდაჭერაც უმაგრებდა. აღსანიშნავია, რომ ‘ფენიქსის’ 24 წლის დამრიგებელი გიორგი ლეკვეიშვილი მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციას ასრულებს, მეორე ხაზში წარმატებით ირჯება და თანაგუნდელებს მოედანზე უნარიანად თავკაცობს.

მეტოქეებმა მთლიანობაში 4-4 ლელო გაიტანეს და მატჩის ბედი „გაწითლებულ“ დროში გადაწყდა. შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა და პირველ ტაიმში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. რუსთაველთა ფრთა გიორგი ძნელაძისა და ბორჯღალოსანი მგეზავის რამაზ ხარაზიშვილის გარდაუსახავ ლელოებსა და გატანილ ჯარიმას, იმერლებმა ფულბეკ ლუკ ლუტუნავანუას გარდასახული ლელო და მგეზავ მარკოზ შავგულიძის გატანილი წყვილი ჯარიმა შეაგებეს.

მეორე ტაიმში, მასპინძელთა შუამარბმა ლაშა მჟავანაძემ „დუბლი“ შეასრულა და შეხვედრის მიწურულს საკუთარი გუნდი 5 ქულით დააწინაურა. ‘ფინიქსი’ მარცხს არ ეპუებოდა და მატჩის გამორჩეული მოთამაშის, ფიჯელი ლუკ ლუტუნავანუას შედეგიანი თამაშის წყალობით ანგარიშში უპირატესობა დაიბრუნა. კუნძულელმა ფულბეკმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და კომბინაციურ სტილში ანგარიშის გამთანაბრებელი ლელო ბოლო წუთზე გაიტანა. მახვილი კუთხიდან მარკოზ შავგულიძის ზუსტად შესრულებულმა გარდასახვამ კი ‘ფენიქსს’ საპასუხო საშინაო შეხვედრის წინ 2-ქულიანი „ჰანდიკაპი“ მოუპოვა. სამტრედიელებმა მატჩი 30:28 მოიგეს.

მომავალ უქმეებზე 1/2-ური ეტაპის საპასუხო შეხვედრები სამტრედიასა და თბილისში გაიმართება. წყვილებში წარმატებული გუნდები ნეიტრალურ მოედანზე, ფინალში ლიგის გამარჯვებულს გამოავლენენ, რომელიც მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებს. ფინალში დამარცხებული გუნდი კი კლასში ამაღლებას, პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან ქუთაისის ‘ბაგრატთან’ 2-რაუნდიან დაპირისპირებაში ეცდება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112229