ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა. ბოლო ტურში ქართველმა მორაგბეებმა ინგლისის ნაკრებთან ითამაშეს და ძალიან მცირედი დააკლდათ მორიგ დიდ სენსაციამდე.
საქართველომ პირველ ტურში შოტლანდიასთან ბრძოლაში წააგო, წინა ტურში კი, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. ახლაც, ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს და ახლოს იყვნენ მინიმუმ ფრესთან.
გიგი სირბილაძის 3 ჯარიმით „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისთან ტაიმი მოიგეს (9:5). მეორე ტაიმში დავით არჩვაძემ ორჯერ მიითვალა ლელო, თავის მხრივ, ინგლისმა შეძლო ქულების დაგროვება და ბოლო წამებამდე ანგარიში თანაბარი იყო - 19:19. თუმცა, ინგლისელთა ბოლო შეტევა ლელოთი დასრულდა, რომელიც გარდასახეს და საბოლოოდ მეტოქემ 26:19 მოიგო.
ამრიგად, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სადებიუტო 6 ერის ფესტივალი ერთი მოგებით და ორი მარცხით დაასრულა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.