პირველი ლიგის პლეი ოფი მესამედფინალებით დაიწყო. სეზონში მეტოქეებზე დაკავებული მაღალი ადგილების გამო, ‘გორი’ და ‘არმია’ მოედნის უპირატესობით სარგებლობდნენ.
შიდა ქართლის დედაქალაქში, ჭალის დასახლებაში მდებარე სარაგბო არენაზე, ‘გორმა’ აღმოსავლურ დერბიში პატარძეულის ‘ვეფხვებს’ უმასპინძლა. რეგულარულ სეზონში მეტოქეებს საშინაო შეხვედრები 2-ქულიანი სხვაობით ქონდათ მოგებული, ამჯერზე კი მატჩი გორელთა სრული უპირატესობით წარიმართა.
გორელთა ლეგიონერი მარბიელის ეპელი ბოკადის მატჩის დებიუტში გატანილ ლელოს, მასპინძელთა ფრთისა და კაპიტნის ნიკა ბიწაძის „დუბლი“ მოჰყვა, რასაც გარე კახელებმა მხოლოდ ფულბეკ ლაშა გურგენიძის გატანილი ეული ჯარიმა დაუპირისპირეს. ‘გორი’ შესვენებაზე 16-ქულიანი სხვაობით წავიდა.
მეორე ტაიმიც მასპინძელთა კარნახით წარიმართა, რაც ბურჯ მიშა ორაგველიძისა და მარქაფადან ჩართული მარბიელის მიშო ჩაჩავას დადებულ ლელოებში აისახა. ორაგველიძის გატანილი ლელო ცალკე აღნიშვნის ღირსია. გორელთა ბურჯმა მოედნის ცენტრში ოვალი ფეხით ეფექტურად გადაიკიდა და სისწრაფეზე, ფინტების თანხლებით ულამაზესი ლელო გაიტანა. ‘ვეფხვებმა’ პრესტიჟის ლელოს დადება (შუამარბი რატი პაპაშვილი) მატჩის მიწურულსღა მოახერხეს. ‘გორმა’ – 40:10 მოიგო და გასავარდნ ფინალში გავიდა.
‘არმია’-‘ლოკომოტივის’ დედაქალაქური დერბი კი მხარეთა შეთანხმების თანახმად „რკინიგზელთა“ ბაზაზე გაიმართა. პირველი ტაიმი მწირქულიანი გამოდგა. ‘ლოკომოტივის’ მგეზავ ონისე ნიკოლაძის გატანილ წყვილ ჯარიმას, „არმიელებმა“ ფრთა საბა ილურიძის გარდაუსახავი ლელო და მგეზავ მერლს პიტერსის გატანილი ჯარიმა დაუპირიპირეს, რამაც მატჩის ნომინალურ მასპინძელს ტაიმი 2-ქულის სხვაობით მოაგებინა.
ფიცხელი ბრძოლა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, სადაც საბა ილურიძემ „დუბლი“ გაიფორმა, პიტერსმა კი მონაგარს კიდევ 3 გატანილი ჯარიმა წაუმატა. თავის მხრივ ‘რკინიგზელებმა’ ტექნიკური ლელოსა და მღლეტელ გიორგი პიტიურიშვილის გარდასახულ ლელოთა წყალობით მატჩის მიწურულს ანგარიშში ჩამორჩენა კვლავ 2-ქულამდე შეამცირეს. დარჩენილ დროში ‘არმიამ’ თავი კარგად დაიცვა და ბოლო წუთზე კონტრშეტევაზე, შუამარბ სანდრო სესიაშვილის დადებული გარდასახული ლელოთი რთული გამარჯვება მოიპოვა – 29:20.
მომავალ უქმეებზე, 13 აპრილს პლეი ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართება. გასავარდნ ფინალში, ‘გორი’ ჭალის დასახლებაში ‘არმიას’ დაუხვდება. რეგულარულ სეზონში დაკავებულმა მესამე ადგილმა გორელები მოედნის უპირატესობით მორიგ შეხვედრაშიც ასარგებლა.
ასპინძაში კი შესარჩევი ფინალი გაიმართება. რეგულარული სეზონის გამარჯვებული სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ მეორე ადგილზე გასულ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ უმასპინძლებს. მატჩში წარმატებული გუნდი დიდ ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ხელმოცარული კი ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის უფლების მოპოვებას წინასწარი ფინალიდან ეცდება, სადაც გასავარდნი ფინალის მომგებ კოლექტივს საკუთარ არენაზე დაუპირისპირდება. დიდი ფინალი კი, რომლის გამარჯვებული ლიგის ტიტულთან ერთად, დიდი 10-ის საგზურს მოიპოვებს, 28 აპრილს „ავჭალა არენაზე“ გაიმართება.
RUGBY.GE