კალათბურთი

13:33 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

22-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალი ოვერტაიმმა შეავსო

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა და შესაბამისად, წყვილებმაც საბოლოო სახე მიიღო. საუკეთესო ოთხეულში გასულები იყვნენ სოხუმი-საქართველო, ქუთაისი და სპორტუნი. მეოთხე ნახევარფინალისტი ოვერტაიმისა და ბასო 2-ის დაპირისპირებაში უნდა გამოვლენილიყო. ამ გუნდებმა მეოთხედფინალური სერიის გასულ მატჩებში მოგებები გაიყვეს და საბოლოო გამარჯვებული მე-3 მატჩს უნდა გამოევლინა.

ოვერტაიმმა, რომელიც სერიაში 0:1 აგებდა (პირველი მატჩი ბოლო წამზე დათმო), წინა შეხვედრაში მეტოქე მისსავე მოედანზე, ბათუმში გაანადგურა და დღევანდელ, გადამწყვეტ მატჩშიც ფავორიტად ითვლებოდა. საბა ზაქრაძის გაწვრთნილმა ოვერტაიმმა ავანსი გაამართა და მეტოქე 15 ქულის სხვაობით – 86:71 (სტატისტიკა) დაამარცხა.

მასპინძლებმა დასაწყისშივე მოიპოვეს უპირატესობა, რომელსაც მთელი თამაში ინარჩუნებდნენ. ბასკო შანსს ინარჩუნებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მეტოქე ვერ შეავიწროვა და შესაბამისად, შეხვედრაც ზედმეტო დაძაბულობის გარეშე, ოვერტაიმის გამარჯვებით დასრულდა.

თბილისურ გუნდში 26 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლოზ თოთლაძე. საუკეთესო შედეგიანობა კოკა კაკულიამ დააფიქსირა – 15 ქულა, 16 მოხსნა. 15 ქულა და 7 მოხსნა ნიკოლოზ გულიაშვილმა მიითვალა.ბათუმელთა რიგებში 26 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით გიორგი კობახიძე გამოირჩა. 19 ქულა და 9 მოხსნა საბა სალაძემ დააგროვა.

სერიის გამარჯვებული ოვერტაიმი ნახევარფინალში სპორტუნის შეხვდება. მეორე წყვილში ერთმანეთს ქუთაისი და სოხუმი-საქართველო დაუპირისპირდებიან. სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება, კალენდარი კი 8 აპრილს გამოქვეყნდება.

GBF.GE

0.121777