კალათბურთი

11:30 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვსა-მ სოხუმი-საქართველო 86:69 დაამარცხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

“ა” ლიგის ფინალურ სერიაში ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი დაწინაურდა. ვსა-მ სერიის მე-3 მატჩში დამაჯერებლად – 86:69 (სტატისტიკა) დაამარცხა “სოხუმი-საქართველო” და საბოლოო გამარჯვებას 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. ბორის პეტეს გაწვრთნილი აკადემიელები სერიას 2:1 იგებენ და თუკი 8 აპრილს, მორიგ მატჩსაც მოიგებენ, “ა” ლიგის ჩემპიონობას და მასთან ერთად სუპერლიგის საგზურს მოიპოვებენ. თუ სოხუმი-საქართველო გაიმარჯვებს, სერიის გადამწყვეტი, მე-5 მატჩი 11 აპრილს გაიმართება.

მიმდინარე ფინალური სერიის პირველი მატჩი ძალიან დაძაბული იყო, მომდევნო ნაკლებად და დღევანდელ შეხვედრას დაძაბულს ვერ ვუწოდებთ. მხოლოდ პირველ პერიოდში იყო მოედანზე უშეღავათო ბრძოლა, როცა ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა და ხან მეორე. პერიოდის მიწურულს ვსა-მ სერიაში დაბრუნებული ჯერმეინ ჰედის წინამძღოლობით მოახერხა უპირატესობის მოპოვება და ათწუთეული 25:22 მოიგო, რის შემდეგაც ფაქტობრივად აღარ გასჭირვებია.

მეორე პერიოდის შუაწელიდან ვსა-ს სათამაშო უპირატესობა მათემატიკურადაც გამოიხატა. აკადემიელები 10 ქულით გალიდერდნენ და მეორე პერიოდის 24:15 მოგებით დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. თამაშის განახლების შემდეგ მოედანზე არაფერი შეცვლილა. ვსა-მ შორი არტილერია მოიმარჯვა და არაერთი სამქულიანით, რასაც პერიოდულად სწრაფ შეტევებს უნაცვლებდა, უპირატეოსბა 20 ქულამდე გაზარდა.

თამაშმა სპორტული ინტრიგა დასრულებამდე ბევრად ადრე დაკარგა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდის გამარჯვება სათუო არ გამხდარა. ამაში ლომის წილი ჯერმეინ ჰედს მიუძღვის, რომელსაც სერიის პირველი მატჩის პირველ პერიოდში უხეშობისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს და მეორე შეხვედრა გამოატოვებინეს. ჰედი მოედანზე ლიდერად დაბრუნდა და სოხუმი-საქართველოს დამარცხებაში მთვარი როლი შეასრულა – 21 ქულა, 7 პასი, 5 მოხსნა. 14 ქულა და 7 მოხსნა ერლ უოტსონმა მოაგროვა, მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელთაგან 12-12 ქულით მამუკა ბაზუაშვილი და დეშონ პარკერი გამოირჩნენ.

სერიის მე-4 მატჩი კვლავ თბილისი არენაზე, 8 აპრილს, 16:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134582