რაგბი

13:12 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ლიდერმა ‘ლელომ’ მდევართან სხვაობა გაზარდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში მეორე წრე დაიწყო. პირველობის ლიდერმა ‘ლელომ’ 38 ქულას მოუყარა თავი და მდევარ ‘აიასთან’ სხვაობა 4-ქულამდე გაზარდა. ჩემპიონმა ელიტაში 8-ვე შეხვედრა მოიგო და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 2 მატჩში ვერ მოახერხა. ‘აკადემიამ’ მესამე პოზიცია გაიმყარა. „მხატვართა“ აქტივში 6 მოგება და 28 ქულაა, რაც რიონისპირელთა მონაგარს 6 ქულით ჩამოუვარდება, ხოლო მდევარ ბათუმს’ 10 ქულით აღემატება.

მართალია, ‘ბათუმმა’ ცხრილში 18 ქულით მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა, თუმცა აჭარლები მე-5 ადგილზე ანაცვლებულ ‘წიქარას’ სულ 1 ქულით უსწრებენ. 15 ქულის მქონე ‘არმია’ მე-6 პოზიციაზე დაქვეითდა. ცხრილის ბოლოსწინა, მე-7 საფეხურზე 5 ქულით ‘ხარები’ იმყოფება. პირველობის დებიუტანტი ‘ტაო’ კი აუტსაიდერად კვლავაც საცხრილო ქულების გარეშე რჩება.

მე-8 ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა, სადაც პირველობის ლიდერმა ‘ლელომ’ მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ბათუმს’ უმასპინძლა. ჩემპიონს კვლავ ბექა ყორიაულმა უთავკაცა და ამჯერზეც წარმატებულად.

პირველი ტაიმი ‘ლელოს’ სრული უპირატესობით წარიმართა. დიდ დიღმელები აჭარლებს ყველა სარაგბო კომპონენტში აღემატებოდნენ, რაც ჩემპიონის მხრიდან 4 უპასუხო გატანილ ლელოში (კვაჭი მერაბ მანჯავიძე, მარბიელი საბა ჯიბღაშვილი, ფრთა აჩი თოთიაური და შუამარბი დაჩი ხმალაძე) აიასახა. ფულბეკმა ირაკლი ჯიჯელავამ 3 გარადასახვა გამოიყენა და ჩემპიონი შესვენებაზე 26 ქულიანი სხვაობით წავიდა.

მეორე ტაიმში კი მასპინძელთა მხრიდან ვნებათაღელვა დაცხრა და შეხვედრამ უმეტესად უფერული სახე მიიღო. მატჩის ბოლო წუთზე ბათუმელთა ფრთა გიგი აბაშიძემ პრეტიჟის ლელო გაიტანა და საკუთარი გუნდი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა. ჩემპიონმა მატჩი პრემიალური ქულის თანხლებით მოიგო – 26:5.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმიამ’ ქუთაისის ‘აიასთან’ პირველი ტაიმი აღმავლობით წარმართა და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით წავიდა. „არმიელთა“ ჰავბეკ საბა მაჭარაშვილისა და ფრთა ლუკა ტაბატაძის გატანილ ლელოებს, ტაიმის მიწურულს რიონისპირელთა ფრთა გიორგი მუშკუდიანმა გარდაუსახავი ლელო შეაგება.

მეორე ტაიმი კი სტუმართა კარნახით წარიმართა. ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭებმა დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, შეტევებს მეტი სიმწვავე შემატეს და მასპინძლებს 3 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘აია’ ანგარიშში ჯერ მღლეტელი კაპიტნის კახა კაპანაძის გატანილი ლელოთი დაწინაურდა, რასაც სტუმართა მარბიელ საბა ფხაკაძისა და მარქაფადან ჩართული ბურჯის ლაშა მიქაძის დადებული ლელოები მოჰყვა. ძლიერი ქარის მიუხედავად, ‘აიას’ მგეზავმა დუტა დაშნიანმა სამივე გარდასახვა გამოიყენა და სეზონში საკუთარი გუნდის მე-7 გამარჯვება დააფიქსირა – 26:12.

„ხარები არენაზე“, მასპინძელმა ‘ხარებმა’ ‘წიქარასთან’ შეხვედრაში ძირითადის ერთბაშად 10 მორაგბე (უმეტესად ტრავმების გამო) მოისაკლისა, რამაც ქვემო ქართლელთა თამაშის ხარისხს გვარიანი დაღი დაასვა. რეზო ქოქოლაძის ბიჭები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ, მასპინძლებს როგორც სტატიკაში, ასევე დინამიკაში აღემატებოდნენ და 3 მატჩიანი მარცხიანი სერიაც დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულეს.

კვაჭ კახი სამხარაულის, მგეზავ ალექსანდრე ჩოფიკაშვილისა და ბურჯ ბექა ტაბატაძის გატანილი ლელოებით, ‘წიქარა’ შესვენებაზე 17 ქულიანი სხვაობით წავიდა. მეორე ტაიმში კი რეზო ქოქოლაძის ბიჭებმა უპირატესობა მხტომელების: გიორგი ზაქაიძისა და გეგა ბლიაძის დადებული ლელოებით გაიმყარეს. უმეტესად მარქაფას იმედად დარჩენილი ‘ხარები’ ფარ-ხმალს არ ყრიდა და ბოლო წუთებზე შუამარბ ლუკა ლობჟანიძის გატანილი ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი დააღწია. ‘წიქარამ’ ბონუს-ქულის თანხლებით იმარჯვა – 27:5.

ტურის დასკვნითი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. ‘აკადემიამ’ პირველობის დებიუტანტ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ უმასპინძლა და მესხებს მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა. „მხატვრებმა“ აუტსაიდერს 5 უპასუხო ლელო დაუდეს და შესვენებაზე 29 ქულიანი სხვაობით წავიდნენ. ნიკა ჩიტალაძის ბიჭების წარმატებას სათავე ბურჯ სანდრო კახიშვილის ლელომ დაუდო, კვაჭი სანდრო გამყრელიძე კი „დუბლით“ გამოირჩა.

მეორე ტაიმში ‘აკადემიამ’ მონაგარს კიდევ 4 ლელო წაუმატა, თუმცა მეტოქეზე ზეწოლა შეასუსტა. აღნიშნულმა გარემოებამ ‘ტაოს’ 2 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. მესხთა მარბიელმა ნიკოლოზ კახელმა „დუბლი“ გაიფორმა. ‘აკადემიამ’ მატჩი დაგეგმილი ბონუს-ქულით მოიგო – 53:10.

RUGBY.GE

0.11531