ფეხბურთი

18:56 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში თუ ჯგუფიდან გავა...

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, რომლის დაწყებამდე 71 დღე რჩება.

მთელი საქართველო უკვე სწორედ ევრო 2024-ის მოლოდინში ცხოვრობს. საქართველო F ჯგუფში ითამაშებს, რომელიც საკმაოდ რთულია (პორტუგალია, თურქეთი, ჩეხეთი, საქართველო), მაგრამ ის ფაქტი, რომ 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა მერვედფინალში, ჩვენს იმედსა და შანსს ზრდის.

და მაინც, ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების მეტოქე მერვედფინალში, თუ იქ გასვლას მოახერხებს? განვიხილოთ ყველა, ოთხივე ვარიანტი:

F ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, რისი შანსი დიდი არ არის, მაგრამ მაინც, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში 1 ივლისს, ფრანკფურტში ითამაშებს, მისი მეტოქე კი, A (გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია), B (ესპანეთი, იტალია, ხორვატია, ალბანეთი) ან C ჯგუფის (სლოვენია, დანია, სერბეთი, ინგლისი) მესამეადგილოსანი იქნება.

F ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მერვედფინალში 2 ივლისს, ლაიფციგში ითამაშებს, მისი მეტოქე კი, D ჯგუფის გამარჯვებული იქნება (პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრია ან საფრანგეთი).

F ჯგუფიდან მესამე ადგილით გასვლის შემთხვევაში საქართველოს მერვედფინალში ორი პოტენციური გზა აქვს: 30 ივნისს, კიოლნში, B ჯგუფის გამარჯვებულთან შეხვედრა (ესპანეთი, იტალია, ხორვატია, ალბანეთი) ან 30 ივნისს, გელზენკირხენში C ჯგუფის გამარჯვებულთან დაპირისპირება (სლოვენია, დანია, სერბეთი, ინგლისი).

ამრიგად, მერვედფინალში პოტენციური მეტოქეები ძალიან ძლიერები არიან, ძნელი წარმოსადგენია, რომ პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე ვილი სანიოლის გუნდს გრანდთან თამაში არ მოუწიოს, მაგრამ მერვედფინალში გასვლა უკვე უდიდესი წარმატება და შედეგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

0.122111