ფეხბურთი

17:10 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "პენალტის დარტყმა ძალიან მინდოდა, რათა ამ ისტორიაში ჩემი წვლილი შემეტანა"
ზურიკო დავითაშვილის პრესკონფერენცია ბორდოში

„ბორდოს“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „კაენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან საუბარი საქართველოს ნაკრებთან ერთად მიღწეულ წარმატებაზე დაიწყო, შემდეგ კი, საკლუბო თემებზე გადავიდა.

„ძალიან კარგი დღეები იყო, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორია დავწერეთ და იმედია, ჩემს კარიერაში ბევრი ასეთი დღე იქნება და მთლიანად საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ „ბორდოსთან“ ერთადაც მსგავსი დღეები მალე იქნება.

რა თქმა უნდა, უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს ის ფაქტი, როცა იცი, რომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშო, თუმცა მანამდე არ მაკლდა მოტივაცია და გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ახლაც იგივეს ვაკეთებ, რათა გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო.

პენალტის დარტყმა? ყოველთვის რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. თამაშამდე ვვარჯიშობდით პენალტებზე და ძალიან მინდოდა დარტყმა, რათა ამ ყველაფერში ჩემი წვლილი შემეტანა და საბედნიეროდ, კარგადაც დავარტყი.

ყველაფერს ვაკეთებდი ვარჯიშებზე შედეგის დასაფიქსირებლად და ახლაც იგივეს ვაკეთებ. მქონდა ცუდი პერიოდი, მაგრამ ვცდილობ, რომ გამოვასწორო. ბოლო თამაშშიც გავიტანე და ვეცდები, რომ ასე გავაგრძელო. ყოველთვის ვვარჯიშობ შეტევის დასრულებასა და ბოლო პასზე. ბოლო მატჩში ამან შედეგი გამოიღო და იმედია, მომავალშიც ასე იქნება.

შემიძლია ორივე ფლანგზე თამაში. როცა მარჯვნივ ვარ, ვცდილობ, მარცხნივ შემოვიდე და გავიტანო, როცა მარცხნივ ვარ, პირიქით, თუმცა პირადად მე, მარცხენა ფლანგზე თამაში მირჩევნია.

წნეხი „ბორდოში“? შეიძლება გუნდი დაძაბული იყო, როცა შედეგი არ გვქონდა. პირადად მე არაფერი დამიკლია, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებს. როდესაც გუნდს კარგად თამაში არ გამოსდიოდა, წნეხი ჩემზეც მოქმედებდა. ახლა სხვა სხვა ტაქტიკით ვთამაშობთ, ჩემი პოზიციაც განსხვავებულია. მწვრთნელი მთხოვს, რომ ყოველთვის ბურთით ვიყო და გუნდს სახიფათო მომენტების შექმნაში დავეხმარო. დავეხმარო გუნდს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.

ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, რომ ყოველთვის ყველაფერი უნდა გააკეთო და მოედანზე გამოირჩეოდე, უნდა გახდე ყველა მატჩში საუკეთესო. ყველას გვინდოდა და ისევ გვინდა, რომ ლიგა 1-ში გადავიდეთ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი მომავალი? „ბორდოს“ ფეხბურთელი ვარ, მომავალში ვნახოთ, რა იქნება“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. „ბორდო“ 38 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 აპრილს, სტუმრად „კაენს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11144