გერმანიის თასის ფინალში მეორე ბუნდესლიგის ბინადარი „კაიზერსლაუტერნი“ გავიდა, რომელსაც ამის მიუხედავად, ძალიან რთული სეზონი აქვს.
ფრიდჰელმ ფიუნკელის გუნდმა ნახევარფინალში მესამე ლიგის ბინადარი და თასის მთავარი სენსაციების შემოქმედი, „ზაარბრიუკენი“ დაამარცხა.
არსებობს შანსი, რომ მომდევნო სეზონში „კაიზერმა“ ევროპალიგაზე ითამაშოს, მაგრამ ამავდროულად გერმანიის მესამე ლიგაში იყოს. საქმე ისაა, რომ „კაიზერსლაუტერნი“ გერმანიის თასს თუ მოიგებს, რისთვისაც ფინალში დაუმარცხებელ „ლევერკუზენთან“ გამარჯვება სჭირდება, ევროტურნირების საგზურს მოიპოვებს. პარალელურად, კი, მეორე ბუნდესლიგაში გასავარდნ ზონასთან ახლოსაა, პლეი-აუტის ზონაშია და დარჩენილ 7 ტურში სიტუაციას თუ არ გამოასწორებს, დიდი შანსია დაქვეითდეს.
„კაიზერი“ ამჟამად 29 ქულით მე-16 ადგილზეა და მხოლოდ ქულა აშორებს გასავარდნ ზონას. ამავდროულად, სამშვიდობო ზონასაც ერთადერთი ქულით ჩამორჩება. მოკლედ, წინ გადამწყვეტი მატჩები ელოდება. აღსანიშნავია, რომ გერმანიის თასის ფინალში მეორე ბუნდესლიგის კლუბი ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად გავიდა.