ფეხბურთი

23:35 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ გიორგი არაბიძე!

საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში გიორგი არაბიძის საოცარი თამაშით „ტორპედომ“ ფოთის „კოლხეთის“ დამარცხება შეძლო.

მატჩი ძალიან დაძაბული, საინტერესო და ლამაზი საყურებელი გამოდგა. შეხვედრას არც დრამატულობა აკლდა.

27-ე წუთზე გიორგი არაბიძემ დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და მეკარეს შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაუტანა. თუმცა, პირველი ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს, რადგან მალევე საბა ფირანაშვილმა ასევე ულამაზესი გოლით გაათანაბრა. მანაც შორი მანძილიდან გაისროლა. სამიოდე წუთში ცოტნე ნადარაია გააძევეს და „ტორპედო“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, ხოლო პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში კირილ კლიმოვმა ფოთელები წინ გაიყვანა - 1:2.

რიცხობრივი უმცირესობისა და ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, მეორე ტაიმში „ტორპედომ“ დააქამბექა. გიორგი არაბიძე უბრალოდ შეუდარებელი იყო. 69-ე წუთზე მისი აქტიურობით გათანაბრდა ანგარიში, როცა გიორგის დარტყმა მეკარემ უკუაგდო, მაგრამ დამატებაზე ლაშა შერგელაშვილი ზუსტი იყო. 79-ე წუთზე კი, არაბიძემ ზღაპრული გოლი შეაგდო - ისევ დაახლოებით 30 მეტრიდან მეტოქის ცხრიანი დალაშქრა!

ამრიგად, გიორგი არაბიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნულ ნაკრებში შანსს იმსახურებს. ასეთი დარტყმის მქონე ფეხბურთელი დღეს საქართველოში ნამდვილად არ მოიძებნება და მისი ცაციით თამაშის მოგება ნებისმიერ მომენტში შეიძლება.

„ტორპედო“ 9 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთს“ 8 ქულა აქვს და წინ „იბერიასთან“ თამაში ელოდება.

„ტორპედო“ – „კოლხეთი“ 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 არაბიძე (27), 1:1 ფირანაშვილი (33), 1:2 კლიმოვი (45), 2:2 შერგელაშვილი (69), 3:2 არაბიძე (79)

0.111985