საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტური „იბერია 1999“-სა და „დინამო ბათუმის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც მასპინძლებმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს.
„დინამო ბათუმს“ აქამდე ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მხოლოდ 3 გოლი გაეშვა, მაგრამ ამჯერად უქულოდ დარჩა და ერთ შეხვედრაში მიიღო 3 გოლი.
გიორგი მიქაძის გუნდმა ძალიან გააზრებული ფეხბურთი აჩვენა და პირველივე ტაიმში ბევრი რამ გადაწყდა. მე-12 წუთზე სტუმრებმა საჯარიმოში გიორგი კოხრეიძე მარტო დატოვეს, რომელმაც ამით ისარგებლა და ანგარიში აუღელვებლად გახსნა.
სულ მალე მან დუბლიც შეასრულა, როცა მეკარესთან პირისპირ დარჩა. ამ ეპიზოდში გამოსარჩევია საბა მამაცაშვილის დროული და ძალიან ჭკვიანური პასი. მამაცაშვილი საოცარ ფორმაშია და საგოლე პასს გოლიც დაუმატა, როდესაც მეორე ტაიმში საჯარიმოს გარედან გაიტანა. ბოლო სამ ტურში საბას მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.
ბოლო წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილს შეეძლო პენალტით სხვაობის შემცირება, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა და მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
„დინამო ბათუმი“ 15 ქულით ისევ ლიდერია და 8 აპრილს, „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს, „იბერია“ კი, 13 ქულით მეორეა და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ ეთამაშება.
„იბერია 1999“ – „დინამო ბათუმი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 კოხრეიძე (12), 2:0 კოხრეიძე (28), 3:0 მამაცაშვილი (72)