კალათბურთი

11:13 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვსა-მ “ა” ლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩში სოხუმი-საქართველო ბრძოლაში დაამარცხა

სუპერლიგაში გადასასვლელი და “ა” ლიგის საჩემპიონო სერია დაიწყო. 3 გამარჯვებამდე მიმდინარე ფინალური სერია ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გაიხსნა, სადაც აღნიშნული აკადემიის გუნდმა სოხუმი-საქართველოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 88:84 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

ბორის პეტეს გაწვრთნილი ვსა სერიაში 1:0 დაწინაურდა და შემდეგ მატჩს 3 აპრილს, ისე შინაურ სარბიელზე გამართავს. მომავალ შეხვედრაში ვსა სოლიდური დანაკლისით იქნება, რადგან მოისაკლისებს ამერიკელ გამთამაშებელ ჯერმეინ ჰედს, რომელიც დღევანდელ მატჩში უხეშობისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ჰედმა ვერ აიტანა მასზე აღებული არასპორტული ჯარიმა და მეურვეს, პიჯეი ბერდს ეუხეშა.

მსაჯებმა ჯერმეინ ჰედი პირდაპირი დისკვალიფიკაციით თამაშიდან გაისტუმრეს და პირველსავე პერიოდში ვსა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩა. თამაში ვსა-ს ლიდერობით გაგრძელდა, თუმცა ჰედის ნაცვლად შემოსულ ოთარ პერტაიას თავდაპირველად გაუჭირდა და სოხუმი-საქართველოს უკანახაზელთა შედეგიანობით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. დიდ შესვენებაზე ვსა-ს მხოლოდ ერთქულიანი ლიდერობა გაჰყვა.

მესამე პერიოდი მასპინძლებმა შედეგიანად ჩაატარეს. იგრძნობოდა, რომ გასახდელში მიღებული დავალებებს აკადემიელები თავს კარგად ართმევდნენ და მალე ვსა-ს უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. ვითარება ბოლო პერიოდში დაიძაბა. დეშონ პარკერის პერიმეტრიდან და ვალერიან წულეისკირის ფარქვეშა შედეგიანობით სოხუმელებმა ანგარიში ხომ გაათანაბრეს, ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ვასილ ბერუაშვილის სამქულიანით წინაც გავიდნენ – 79:78.

აქ გათამაშდა მთავარი ამბები: ჯერ საშა ვუკსანოვიჩმა ორქულიანით დააწინაურა ვსა, რასაც დაცვაში აღებული ბურთი და მაიზერ რევაზაშვილის სამქულიანი მოჰყვა – 83:79 დასრულებამდე 40 წამით ადრე. ვალერიან წულეისკირის ორქულიანს პლუს ზუსტი საჯარიმოთი სოხუმელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და დროის მოგებისა და ანგარიშის გათანაბრების მიზნით ტაქტიკური ჯარიმა აიღეს. ერლ უოტსონმა პირველი ჩააგდო, მეორე ააცილა, თუმცა გამარჯვების ტოლფასი მოხსნა მისმა თანაგუნდელმა, კამერონ უორენსმა მიითვალა და ახლა ის დადგა საჯარიმოს ხაზზე. უორენსმა ორივე სროლა ჩააგდო და ვსა დარჩენილი დროის გათვალისწინებით, მიუწვდომელი გახადა.

გამარჯვებულთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ვუკსანოვიჩი. 5 სამქულიანი და ჯამში 21 ქულა დააგროვა მაიზერ რევაზაშვილმა, დავით კაკუშაძემ 13 ქულა მიითვალა. სოხუმი-საქართველოში და სრულიად მატჩში საუკეთესო შედეგი დეშონ პარკერმა დააფიქსირა, რომელმაც სამმაგი დუბლი – 26 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ფინალური სერიის მეორე მატჩიც ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში, 3 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116682