რაგბი

22:24 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა | დასავლეთის საგა ‘მეკობრეების’ ხეირით დასრულდა

რეგიონული ლიგის დასავლეთ ჯგუფის რეგულარული სეზონის მიწურულს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ მორიგი დარღვევები აღმოაჩინა. კერძოდ, ფოთის ‘კოლხი რაინდებსა’ და ვანის ‘აიეტს’ არარეგისტრირებული მორაგბის შესაბამისად 4 და 6 თამაშში მონაწილეობა დაუფიქსირდათ, რის გამოც ტრიბუნალმა კოლხებს კიდევ 20 საცხრილო ქულა ჩამოაკლო. ადრე ფოთელები მსგავსი ლაფსუსის გამო 2 შეხვედრაში იქნენ მხილებულნი და 10 ქულა ჩამოაკლდათ. ვანელები კი სადისციპლინო კომიტეტმა 30 ქულით დასაჯა.

სრკ-ს სადისციპლინო რეგულაციის შესაბამისი პუნქტების თანახმად, თამაშის უფლების არმქონე მორაგბის თამაშში მონაწილეობის გამო, დამრღვევ გუნდს ჩაეთვლება წაგება ყველა იმ თამაშში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თამაშის უფლების არმქონე მორაგბემ და დააკლდება 5 (ხუთი) საცხრილო ქულა. მოწინააღმდეგე გუნდს კი ჩაეთვლება მოგება, მიენიჭება შესაბამის შეჯიბრში შესაძლო მოსაპოვებელი ქულების მაქსიმალური ოდენობა და ანგარიში დაფიქსირდება – 30:0 მის სასარგებლოდ.

სრკ-ს სადისციპლინო კომისიის ხსენებულმა ვერდიქტმა დასავლეთ ჯგუფის სატურნირო ცხრილში სერიოზული კორექტივები შეიტანა. ვანელები ცხრილის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდნენ, კოლხები კი მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდნენ და პლეი ოფს მიღმა დარჩნენ. მეორე ადგილზე ბათუმის ‘მეკობრეებმა’ აინაცვლა და შესაბამისად აჭარლებს პლეი ოფში თამაშის უფლებაც ერგოთ.

2-მატჩა ნახევარფინალურ პლეი ოფში (6-7 აპრილი) ითამაშებენ:

‘მეკობრეები’ (2) – ‘წიქარა’ (1)

‘რუსთავი’ (2) – ‘ფინიქსი’ (1)

პლეი ოფის პირველი მატჩები ჯგუფების მეორე ადგილოსანი გუნდების, ‘მეკობრეებისა’ და ‘ რუსთავის’ არენებზე დამდეგ უქმეებზე გაიმართება. წყვილებში გამარჯვებულები ფინალში ლიგის ჩემპიონს გამოავლენენ, რომელიც მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში ითამაშებს. რეგიონულის ფინალში ხელმოცარული გუნდი კი კლასში ამაღლებას პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან ქუთაისის ‘ბაგრატთან’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება.

RUGBY.GE

0.110796