ფეხბურთი

17:52 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" "შალკეს" დაუზავდა

გერმანიის II ბუნდესლიგის 27-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ გელზენკირხენში „შალკეს“ ესტუმრა და უგოლოდ დაუზავდა.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთამდე ითამაშა. ბუდუ თანაგუნდელთა შორის ყველაზე აქტიური იყო, საგოლე მომენტებიც ჰქონდა. მერვე წუთზე ახლო მანძილიდან ურტყამდა და მცველმა გამოიტანა ბურთი დაუცველი კარიდან. სხვათა შორის, ეს ეპიზოდი ძალიან ჰგავდა ლუქსემბურგთან ბუდუს პირველ გოლს.

მე-13 წუთზე მსაჯმა ზივზივაძის წინააღმდეგ ძალიან უხეში თამაშის გამო „შალკეს“ ფეხბურთელი კენან კარამანი გააფრთხილა. ისეთი უხეშობა იყო, წითელი ბარათიც არ იქნებოდა გასაკვირი. 62-ე წუთზე ბუდუ საჯარიმოში შეიჭრა, მცველისგან თავი გაითავისუფლა და დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა ბურთს. 67-ე წუთზე კიდევ ერთი კარგი შანსი მიიღო, როცა მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა, მაგრამ დარტყმა ვერ შეძლო კარგად, როცა ეს მოახერხა, მეკარეს უკვე დაფარული ჰქონდა სივრცე. ბუდუმ 62-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო და შემდეგ შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში მას II ბუნდესლიგაში 25 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა. „კარლსრუე“ 39 ქულით მეექვსეა და მომდევნო შეხვედრას 6 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ზანკტ პაულისთან“ გამართავს, რომელიც პირველ ადგილზეა და ბუნდესლიგის საგზურთან ძალიან ახლოსაა.

0.152863