„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კალენდრის გამო იწუწუნა და პარალელი მადრიდის „რეალთან“ გაავლო.
საქმე ისაა, რომ „რეალი“ დღეს „ბილბაოს“ შეხვდება, შემდეგ კი, „სიტისთან“ მატჩამდე 9 დღის განმავლობაში თამაში არ აქვს. ამ პერიოდში ინგლისურ კლუბს ორი მატჩის ჩატარება მოუწევს და ცხადია, რომ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს უფრო დასვენებულები შეხვდებიან.
„მათ ჩვენთან მატჩისთვის მოსამზადებლად 9 დღე აქვთ, 9! ამ კვირის ბოლოს ითამაშებენ და შემდეგ ჩვენთან მატჩამდე თამაში არ აქვთ, მაშინ, როცა ჩვენ ოთხშაბათს „ასტონ ვილას“ უნდა ვეთამაშოთ, ხოლო შაბათს „კრისტალ პალასს“. განსხვავება ძალიან დიდია. თითქმის ყველგან ჩემპიონთა ლიგის წინ პარასკევს თამაშობენ, ჩვენ რატომ ვთამაშობთ შაბათს? რატომ არ გვაძლევენ დასვენებისთვის დამატებით დღეს, როცა ევროპაში სხვა გუნდები არ თამაშობენ? მათი პასუხია, რომ ეს სატელევიზიო ბადის გამო ხდება, საიდანაც დიდ ფულს გვიხდიან, მაგრამ უბრალოდ დავიღალეთ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა 9 აპრილს გაიმართება.