რაგბი

11:05 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდე ექვსი ერის ფესტივალი – დებიუტი ჩვენი და მსაჯის შეცდომებით

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის სადებიუტო მატჩში შოტლანდიას ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – 14:22.

მღელვარების ფონზე ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა შეცდომები მრავლად დაუშვეს. მიუხედავად ამისა, ისინი გამარჯვების შანსს მაინც ინარჩუნებდნენ, თუმცა ამ შეცდომებს მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები დაერთო, რითაც მეტოქემ ისარგებლა.

უმცროსი ბორჯღალოსნები ღია თამაშისას კონტაქტის არეში დომინირებდნენ და თითქმის ყველა ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთას, მაგრამ შოტლანდიელები რაქში ბურთს გვინელებდნენ, ხშირად წესების დარღვევით, მაგრამ ეპიზოდები მსაჯს შეუმჩნეველი რჩებოდა. მეტოქე უკეთესი იყო ხელდახელ სწრაფი შეტევებისას და ჩვენმა 18-წლამდელებმა, რომლებიც ამ დონეზე პირველად თამაშობდნენ, უდიდესი გამოცდილება შეიძინეს.

შეხვედრა საქართველოს შეტევებით დაიწყო, მაგრამ შეცდომები დავუშვით და ბურთს ვერ გავუფრთხილდით. მერე ზედიზედ რამდენჯერმე დავჯარიმდით, შოტლანდია ჩვენს ლელოს მოუახლოვდა და მე-14 წუთზე მოლით ლელო გაიტანა. 21-ე წუთზე მათ მაღალ ტემპში, ხელდახელ შემოგვიტიეს, მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და მეორე ლელო ზუსტად გარდასახეს.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შესვენების წინ უპასუხეს. ანრი შველიძის პასის შემდეგ გიორგი ტურაშვილმა შეუტია და მეტოქის 22-ში დაახლოებით 10-12 მეტრი ბრძოლით იარა, რაქიდან ბურთი დავით ბარბაქაძეზე გავიდა, რომელმაც კარის წინ ხაზი გაგლიჯა. ის ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და არჩილ ნოზაძემ საპასუხო ლელო გაიტანა. გიგი სირბილაძემ გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა – 7:12.

მეორე ტაიმიც საქართველოს შეტევებით დაიწყო, ახლა შოტლანდია დაჯარიმდა, რასაც საქართველოს მოლი და საჯარიმო ლელო მოყვა. რომ არა წესების დარღვევა, ლელო გარდაუვალი იქნებოდა და ამ ეპიზოდს სინბინიც მოყვა. შოტლანდია გააქტიურდა და თითქოს 22-ში თავი კარგად დავიცავით, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დაინახა, თანაც მიხეილ შიოშვილი გაასინბინა და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა.

შოტლანდიამ აღარ გარისკა, ჯარიმა კარში დაარტყა და უპირატესობა დაიბრუნა, 65-ე წუთზე კი, მათი მორიგი სწრაფი შეტევისა და ფეხით ორჯერ თამაშის შემდეგ, ალამთან მესამე ლელო მივიღეთ. ურთულესი პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო. საქართველომ დასკვნით წუთებში შეუტია, მაგრამ ჯარიმა კარში არც ამჯერად დაარტყა, მერე 5-მეტრიანთან ბურთი დაკარგა და მეტოქემ 22:14 გაიმარჯვა.

უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, საფრანგეთის წინააღმდეგ ჩვენი დროით 17:30 საათზე გამართავენ, ფესტივალს კი 7 აპრილს, ინგლისთან შეხვედრით დაასრულებენ.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. 30 მარტი

პარმა (იტალია). სტად სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – შოტლანდია 14:22 (7:12)

საქართველო:

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. დათა ახვლედიანი (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. გიორგი ტურაშვილი (ისფვიჩი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 18. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. იკა კვარაცხელია (ლელო), 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 25. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 26. თორნიკე ტორაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

2 ლელო: ნოზაძე, საჯარიმო

1 გარდასახვა: სირბილაძე

იტალია – პორტუგალია

ირლანდია – საფრანგეთი

ინგლისი – უელსი

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია

შოტლანდია – ინგლისი

საქართველო – საფრანგეთი

იტალია – ირლანდია

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

RUGBY.GE

0.102273