პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ ევრო 2024-ზე თავიანთი ნაკრების ჯგუფი შეაფასეს და ცხადია, საქართველოს ნაკრებზეც დაწერეს. ცნობილი გაზეთი წერს, რომ საქართველო მზარდი ნაკრებია, მაგრამ გამოუცდელი.
„საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ეს არის გუნდი, რომელიც მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2021 წელს მწვრთნელად ვილი სანიოლი დაინიშნა. საქართველომ პლეი-ოფში მას მერე გააღწია, რაც ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო გუნდი იყო, სადაც 6 მატჩიდან 5 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ასევე უნდა ვისაუბროთ ზოგიერთ ფეხბურთელზე განცალკევებით. „ვალენსიელი“ მამარდაშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მეკარეა, მიქაუტაძე „მეცში“ თამაშობს და არაპროგნოზირებადი თავდამსხმელია, ლიდერი კი, ხვიჩა კვარაცხელიაა. „ნაპოლის“ ფეხბურთელი მიდი გუნდის მამოძრავებელი ძალაა, ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი. მისი შემოქმედებითობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რომელიც დაბალი ბლოკით თამაშობს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეუძლებელია ამ ნაკრების ნაკლოვანობებიც არ შევამჩნიოთ. საქართველო ტურნირზე ბოლოდან მესამე ადგილზეა საბაზრო ღირებულების ჯამით. გუნდის ღირებულება 150 მილიონი ევროა, საიდანაც 80 მილიონი მხოლოდ კვარაცხელია ღირს. ეს არის გუნდი, რომელსაც მცირე გამოცდილება აქვს საერთაშორისო დონეზე თამაშის და ესპანეთთან 1:7 მარცხმა აჩვენა, რომ ვერანაირი პასუხი გასცეს გუნდს, რომელიც ტიტულის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს სათამაშო პრინციპები და შრომისმოყვარეობა, მაგრამ მისი სუსტი წერტილი გამოცდილების ნაკლებობაა“, - წერს პორტუგალიური გაზეთი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.