ფეხბურთი

18:58 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი: "ფავორიტები არ ვართ, ახლა ორივე გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე 3 წლის წინ"

საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბერძენმა ნახევარმცველმაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეხვედრის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ფინალში ფავორიტი არ არსებობს.

„ჩვენთვის ყაზახეთთან თამაში მართლაც კარგი გამოდგა. ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ და ზოგადად ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშოთ. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, არ მსურს პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველივე წუთიდან ბოლომდე მაქსიმალური კონცენტრაციით და თავდაჯერებით თამაში.

თავს ფავორიტებად არ მივიჩნევთ, მიმაჩნია, რომ ფინალში ფავორიტი არ არსებობს და მისი დასახელება არ შეიძლება. ჩვენი განწყობა ძალიან კარგია, თუნდაც ყაზახეთთან თამაშიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან კარგი გამოდგა, რადგან ყაზახეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარა და ასე თამაში ადვილი არ იყო.

მართალია, რომ სახლში ძლიერად ვთამაშობთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ჩვენთვის, როგორც ნაკრების ფეხბურთელებისთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშოთ, განსაკუთრებული გარემო და მასთან დაკავშირებული წნეხი ვიგრძნოთ. პროფესიონალები სწორედ ამიტომ ვართ და მივიჩნევ, რომ ხვალ მაყურებლის ფაქტორი ჩვენთვის შეიძლება დადებითი იყოს. გამოცდილი ფეხბურთელები ვართ, არაერთხელ გვითამაშია მსგავს ატმოსფეროში და ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება.

საქართველოსთან ბოლო მატჩი კარგად მახსოვს, ჩვენთვის რთულად წარიმართა და ბოლო წუთებზე მოვიგეთ. ახლა უფრო ძლიერი და რაც მთავარია, უფრო გამოცდილი გუნდი ვართ. თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებზე. ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე 2021 წელს და ხვალ სრულიად განსხვავებულ თამაშს ვიხილავთ“, - თქვა ბაკასეტასმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ავტომატურად მოხვდება, სადაც ასევე არიან პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები.

0.132001