სუპერლიგის ლიდერი შეიცვალა. ქუთაისი 2010-მა დაძაბულ ბრძოლაში – 100:96 (სტატისტიკა) დაამარცხა კავკასია და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა უკვე გადაასწრო ლიდერ თსუ-ს და თუკი ამ ტურში გურჯაანის დელტა თავის მატჩს ვერ მოიგებს, ქუთაისელები კახელებსაც ჩამოიტოვებენ.
მე-19 ტურის პირველი შეხვედრა გვარიანად დაძაბული გამოდგა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გამართული მატჩი ძალიან თანაბრად და საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისი თბილისში რევანშის ასაღებად იყო ჩამოსული, რადგან პირველი წრის მატჩი კავკასიასთან შინ წაგებული ჰქონდა. იმ შეხვედრაში მატჩის ბოლო წამებზე ლევან გოგიჩაიშვილმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა მაშინ ბოლო პერიოდი 20:7 მოიგეს და საარაკო გამარჯვება მოიპოვეს.
ქუთაისელებმა რევანში აიღეს, თუმცა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გაირკვა, სადაც მეტი კონცენტრაცია და სიზუსტე ქუთაისელებმა გამოავლინეს. გამარჯვებულებს 24 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 23 ქულა მიითვალა დეტრიკ ბრაუნინგმა, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 17 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. კავკასიელთაგან 15 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავაუნ დენიელსი. 18 ქულა ჯასტინ ფორესტის ანგარიშზეა.
GBF.GE