ფეხბურთი

2:30 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელები: "ახლა მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რათა ეს სიხარული შეგვერგოს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლევან შენგელიამ, გიორგი მამარდაშვილმა და გურამ კაშიამ ლუქსემბურგთან მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრეს.

ლევან შენგელია: „დღევანდელ გამარჯვებას მთელ საქართველოს ვულოცავ, ყველამ ერთად მოვიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ახლა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რათა მომდევნო მატჩიც მოვიგოთ და ეს სიხარული შეგვერგოს. ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე მოქმედებას რაც შეეხება, ვცდილობდით, უფრო გუნდურად გვეთამაშა, რადგან ხვიჩას შეცვლა ამ რეალობიდან გამომდინარე თითქმის შეუძლებელია. ფინალში ისიც დაგვიბრუნდება და ყველაფერს ერთად გავაკეთებთ, თან ფინალში ხვიჩას ფაქტორიც იქნება. მოედანზე ურთიერთშეთანხმებით გადმოდიოდა ჩაკვეტაძე ფლანგზე, სადაც მას მოქმედება უყვარს და მე ცენტრში შევდიოდი, რათა მისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა. სასიხარულოა, როცა გოლში შენი წვლილიც შეგაქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდურად გავიმარჯვეთ და მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, მთავარია, ახლა ფინალშიც იგივე გავიმეოროთ. ფინალი რთული იქნება, მაგრამ მთავარია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ“.

გიორგი მამარდაშვილი: „ველოდით რთულ თამაშს, ჩემი აზრით, წნეხს გავუძელით. მადლობა გულშემატკივარს, რადგან მთელი თამაში გვერდში გვედგნენ. ნახევარი საქმე გაკეთებულია და მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ირწმუნონ ჩვენი და შეგვიძლია, გავახაროთ ისინი და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ფინალში დაძაბული თამაში გველოდება და მნიშვნელოვანი იქნება ის კონცენტრაცია, რაც დრეს გვქონდა“.

გურამ კაშია: „ჯაბა არის მაგალითი ბევრი თაობისთვის, ჩემთვისაც. მინდოდა, ჯაბასთვის პატივისცემა გამომეხატა, არ აქვს მნიშვნელობა კაპიტნის სამკლაური ჯაბას ეკეთება თუ მე, ორივე გამოცდილი და ბებერი ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ, რომ გუნდს დავეხმაროთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 26 მარტს, „დინამო არენაზე“ ფინალში საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება.

0.107667