ფეხბურთი

23:59 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი უნდა ვიყოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებთან მატჩის (2:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა:

„გარკვეული პრობლემების და ემოციების მიუხედავად, ჩემი აზრით, პირველ ტაიმში თამაშს ბოლომდე ვაკონტროლებდით. ერთი საათი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ გვქონდა პრობლემები, რასაც გავარჩევთ და რაზეც ვიმუშავებთ. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ კმაყოფილი უნდა ვიყოთ. მეორე ნახევარში, რასაკვირველია მსაჯის გადაწყვეტილება შეიძლება გადამწყვეტიც იყო, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ნორმალურად განსაჯა მომენტი. თამაშის ხარისხი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ახლა მთავარი შედეგია.

როგორც უკვე ვთქვი, ბოლო ნახევარი საათით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა, ფინალში უკეთესი ხარისხის ფეხბურთის თამაში მოგვიწევს, რადგან ვინც არ უნდა გავიდეს ფინალში, აქ დიდი თავდაჯერებით და მოტივაციით ჩამოვა. რომელი მირჩევნია ფინალში? ორივე გუნდი როგორც ვთქვი, თავდაჯერებით ჩამოვა, ამიტომ, ჩემს სურვილს აზრი არ აქვს.

ცვლილებები მომდევნო მატჩში? კვარაცხელია დაგვიბრუნდება და იმედი გვაქვს, რომ ისეთ თამაშს აჩვენებს, რასაც მისგან ველოდებით. შეიძლება სხვა ცვლილებების გაკეთებაც მომიწიოს. ზოგჯერ მწვრთნელებს გვიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც ყველასთვის მისაღები და გასაგები შეიძლება არ იყოს.

პირველ რიგში უნდა ვნახო, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ენერგიას, ახლა ეს მთავარია, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემადგენლობაზე. დღეს ბუდუმ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მიქაუტაძემაც ძალიან კარგად ითამაშა, ბევრი იშრომა მოედანზე და მისი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. შეიძლება რთული გასაგები იყოს გადაწყვეტილება მისთვის, ვინც სათადარიგო სკამზე რჩება, მაგრამ მე გუნდისთვის სწორი ტაქტიკა უნდა შევარჩიო.

საზონოვი? ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება, ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილებაა, მაგრამ როგორც პროფესიონალმა მწვრთნელმა ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. საბა, როგორც პიროვნება და ფეხბურთელი ძალიან მომწონს, მაგრამ იტალიაში ამჟამად დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ამ მატჩებში კი მჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც 90 წუთის თამაში ნებისმიერ ვითარებაში შეუძლიათ. საბას ვესაუბრე ჩემს გადაწყვეტილებაზე, მჯერა, რომ მომავალში იტალიაში მეტი სათამაშო დრო ექნება და განვითარდება“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან 2:0 გაიმარჯვა და ფინალში 26 მარტს, ისევ "დინამო არენაზე" ითამაშებს.

0.119474