კალათბურთი

0:10 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაშმა კონკურენტ ბათუმს სძლია და სუპერლიგის ცხრილში გადაასწრო

სუპერლიგის დებიუტანტმა, თბილისის “რაშმა” სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სუპერლიგაში ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ რაშს 5 მოგება ჰქონდა და იმ ზონას ესაზღვრებოდა, სადაც გუნდები “ა” ლიგაში დაქვეითების თავიდან ასარიდებლად იბრძვიან. თანაც, რაშის მეტოქე ბათუმი იყო – გუნდი, რომელიც მხოლოდ 1 მოგებით უსწრებდა, წაგებებიც ერთით ნაკლები ჰქონდა.

ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა რაშმა მისთვის ამ ძალიან პრინციპულ მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა, რაც გვარიანი ბრძოლისა და ძალისხმევის შედეგია. თბილისურმა გუნდმა პირველი პერიოდის 5 ქულით წაგების შემდეგ თამაშის დალაგება შეძლო, რაც მწყობრ დაცვაში და სწრაფ, შედეგიან კონტრშეტევებში გამოიხატა. შორიდან სროლები დიდად არც ერთ გუნდს არ წაუვიდა და ძირითადი აქცენტი ორივემ ფარქვეშ ბრძოლაზე, უმეტესწილად კი სწრაფ შეტევებზე გააკეთა.

ამაში კი უკეთ რაში გამოიყურებოდა, რომელსაც სანდრო სანაძე ლიდერობდა. მეორე პერიოდი თბილისელებმა 27:20 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდი აიწონა-დაიწონა გამოდგა და ბლომად ორმხრივი შეცდომების ფონზე ფრედ – 11:11 დასრულდა. ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელშიც რაში უფრო ზუსტი აღმოჩნდა. ერიკ ფრედერიკისა და სანდრო სანაძის მექულეობით, რომლებსაც რაშის სხვა წევრებიც ეხმარებოდნენ, მასპინძლებმა ბოლო პერიოდში 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, რომელიც ბრძოლაში, ბოლომდე შეინარჩუნეს. საბოლოოდ მატჩი 82:76 (სტატისტიკა) დასრულდა.

ბათუმელებმა გაიბრძოლეს და მთელს მოედანზე გაშლილი პრესინგისა და ზუსტი სამქულიანების შედეგად ჩამორჩენა ბოლოსწინა წუთზე 2 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტ მომენტში რაშის დაცვამ გაჭრა და გამარჯვება ბესიკ ლეჟავას გუნდს დარჩა. ამ მოგებით გუნდები ერთმანეთს გაუთანაბრდნენ და რაკი რაშს პირველ წრეში ბათუმშიც მოგებული აქვს, ბათუმის წინ, მე-7 ადგილზე განთავსდა.

რაშის შემადგენლობაში 21 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე. 19 ქულა და 7 მოხსნა ფრედერიკმა მიითვალა, ევან მილიგენი გამარჯვებულებს 10 ქულით შეეწია. ბათუმელთაგან 21 ქულითა და 5-5 მოხსნა-პასით მარკის ვილსონი გამოირჩა. 15 ქულა და 13 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა მოაგროვა.

მომდევნო, მე-19 ტურში რაში გორში ივერიონს შეხვდება, ხოლო ბათუმი რუსთავს უმასპინძლებს.

GBF.GE

0.106922