ფეხბურთი

18:45 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკ ჰოლტცი: "საქართველო კვარაცხელიას გარეშე უფრო დიდი მოტივაციით ითამაშებს"

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ლუქსემბურგელმა სპეციალისტმა უმეტესწილად მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ილაპარაკა და საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი:

„ჯერ ვარჯიში წინ გვაქვს, შევხედავთ, ფიზიკურად როგორ მდგომარეობაში იქნებიან ისინი და ამის შემდეგ მივიღებ შემადგენლობაზე გადაწყვეტილებაზე. მოტივაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, მაგრამ მთავარი იქნება სწორი დამოკიდებულებით თამაში.

გუნდში კარგი განწყობაა, ყველა ფეხბურთელი მშვიდადაა და ხვალინდელ თამაშს თავდაჯერებული ვხვდებით. არა, პირიქით, ჩვენთვის უდიდესი მოტივაცია იქნება 50 000 მაყურებლის წინაშე თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის, ეს ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის წნეხი.

ფეხბურთელებს თამაშამდე განსაკუთრებულს არაფერს ვეტყვი, რაიმე განსაკუთრებულის გამოგონებას არ ვაპირებთ, ფეხბურთელებმა ისედაც კარგად იციან ამ მატჩის მნიშვნელობა.

მეც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დღეს ლუქსემბურგელი ფეხბურთელები ბევრად უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ, ვიდრე ჩემს დროს.

როდესაც ლუქსემბურგის ნაკრები ჩავიბარე, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მართლაც არარეალური მიზანი ჩანდა, მაგრამ ამ პერიოდში გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა და გაგვაჩნია შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ პენალტებზე ვარჯიშს, რადგან ვარჯიშისა და თამაშის დროს პენალტის შესრულება სხვადასხვა რამეა, ამიტომ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ვარჯიშზე ამას დიდი დრო დავუთმოთ. ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ამისთვის ნამდვილად არ ვემზადებით.

შემდეგი მატჩისთვის ბილეთები დიდი ხანია გაყიდულია, იქნება ეს ფინალი თუ ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ ყველა ბილეთი გაიყიდა. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც სტადიონზე მაყურებელია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მაყურებელი უკვე გვენდობა და სტადიონზე დადის.

საქართველოს ნაკრებს არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და კვარაცხელიას გარეშეც, დარწმუნებული ვარ, ძლიერი შემადგენლობით ითამაშებენ. ხშირად ხდება, როდესაც გუნდს წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდება, თანაგუნდელები უფრო დიდი მოტივაციით თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება.

საბოლოო ჯამში, გოლი არა მაყურებელს, არამედ ფეხბურთელებს გააქვთ. გასაგებია, რომ საქართველო სახლში თამაშობს, მაგრამ ჩვენთვისაც ეს დიდი მოტივაციაა და უკვე ვგრძნობთ იმ მხარდაჭერას, რომელიც ლუქსემბურგელი გულშემატკივრებისგან გვაქვს. ყოველწლიურად გუნდს სტუმრად უფრო მეტი გულშემატკივარი დაჰყვება. საქართველოს ნაკრებიდან კონკრეტულ ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ, ეს უპატივცემულობაც იქნებოდა მათ მიმართ. საქართველო ძლიერი გუნდია და არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს.

პორტუგალიასთან ორი მატჩის ჯამში 0:15 წაგების მიზეზი? ნახევრად ხუმრობით გეტყვით, რომ ეს წინასწარ გათვლილი გეგმა იყო, რათა მეტოქეებს ეფიქრათ, როგორი სუსტები ვართ. სერიოზულად კი, არის დღეები, როდესაც არაფერი გამოგდის, ამის მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატიდან გერმანია-ბრაზილიის თამაშის მოყვანა შემიძლია", - განაცხადა ჰოლტცმა.

პრესკონფერენციაზე ასევე იყო ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი ივანდრო ბორხეს სანჩესი, რომელმაც ხვალინდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა: „რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს ამ მატჩის მნიშვნელობას, ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ვეცდებით, რომ ჩვენზე ზეგავლენა არაფერმა იქონიოს და მშვიდად მოვემზადოთ. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გუნდისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომ დიდ ტურნირზე ვითამაშოთ. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, რომ ასეთი დიდი პუბლიკის წინაშე მეთამაშა, სწორედ ასეთი თამაშებისთვის გავხდი ფეხბურთელი. ამიტომ, ამდენი მაყურებლის წინაშე თამაში ჩემთვის მოტივაცია იქნება.“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, 21:00 საათზე, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111059