ფეხბურთი

16:31 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მთავარია, რომ სწორი სულისკვეთებით ვითამაშოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა უმეტესწილად მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ილაპარაკა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი:

„სულისკვეთება ასეთ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე რთულია მნიშვნელოვან რამეზე მიღწევა. ფეხბურთელებს ყოველთვის ვესაუბრები იმაზე, თუ რაზე ჰქონდეთ კონცენტრაცია, როდესაც მოედანზე იქნებიან. ვფიქრობ, რომ სწორი სულისკვეთებით ვითამაშებთ, ლუქსემბურგთან ერთი მატჩია და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიდგომით და სწორი სულისკვეთებით ვითამაშოთ. მოტივაცია გვაქვს და ვეცდებით, საუკეთესო თვისებები ვაჩვენოთ.

მოკლე პერიოდი გვაქვს მოსამზადებლად თამაშამდე, შესაბამისად, განსაკუთრებული ახალი არაფერი დაგვიმუშავებია. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის თავისი რუტინა და როგორ უნდა მოემზადოს მატჩისთვის. გუნდურადაც ისე ვემზადებით, როგორც აქამდე, განსაკუთრებული სიახლეები არ იქნება, რათა ექსპერიმენტები არ ჩავატაროთ.

რა თქმა უნდა, ლუქსემბურგის ნაკრების თამაშები ვნახეთ, განსაკუთრებით, ბოლო 12 თვის. არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე შესაბამისად დავაფასოთ. მთავარია, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინოთ, რადგან თუ ასე არ იქნება, შედეგის მიღწევაც გაგვიჭირდება. ტაქტიკაზე ჯერ არ გვისაუბრია, ფეხბურთელები თავისი მიდგომით და დამოკიდებულებით უნდა მოემზადოთ და თუ ყველაფერს გავაკეთებთ, შედეგსაც მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება.

კანკავასთან დაბრუნებაზე საუბარი გვქონდა და რადგან ეს მოხდა, ნიშნავს, რომ გუნდს სჭირდება. ის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, გუნდისთვის, მას შეუძლია თავისი დადებითი მხარეები გუნდს გადასცეს. იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ამას ვერ გეტყვით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კვარაცხელია ვერ ითამაშებს, შემადგენლობაზე ახლა მეტს ვერაფერს ვიტყვი.

ასეთი თამაშის წინ ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება ტრავმები და ძალიან კარგია, რომ ახლა ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. გვიხარია, რომ ზივზივაძე და მიქაუტაძე ძალიან კარგ ფორმაში არიან, ქოჩორაშვილიც დაბრუნდა. იმედი მაქვს, რომ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად კარგი თამაში გვექნება.

დიახ, ახლა, მეც ფეხბურთელივით ვარ, მეც მოტივირებული და მონდომებული ვარ. შეიძლება ეს არ მეტყობა, მაგრამ ასეა. როდესაც მე ფეხბურთელებს კონცენტრაციას ვთხოვ, არ იქნება სწორი, რომ მე არასერიოზულად მოვიქცე და ხშირად ვიღიმოდე. ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის ასეთი მატჩები მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი გამოწვევებისთვის ვართ ფეხბურთში. მთავარია, ერთ მიზანზე ვიყოთ ორიენტირებული, ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჯერ გონებით იფიქრონ, შემდეგ გონებით და არა პირიქით.

აუტსაიდერი გუნდი შეიძლება გულშემატკივრებისთვის და მედიისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ ჩვენ საქმეს არ ვუდგებით. ვიცით, რომ ეს შეცდომა იქნება, რადგან მოედანზე სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. მთავარია, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ინდივიდუალურად გუნდურ თვისებებზე“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, 21:00 საათზე, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

0.114553