კალათბურთი

11:00 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა და რეკორდიც დაამყარა (+VIDEO)

„ლენოვო ტენერიფეს“ კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას 25-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველმა ცენტრმა „მორაბანკ ანდორასთან“ 28 წუთში, 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება მიითვალა, რითაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა, რაც ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც ერგო.

შერმადინმა ლიგა ენდესაში ტურის MVP-ის ჯილდო მეოცედ მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ქართველმა კალათბურთელმა არვიდას საბონისის და ლუ როს შედეგები გააუმჯობესა, რომლებსაც ეს ჯილდო 19-ჯერ ჰქონდათ მოპოვებული.

შერმადინი რეკორდსმენია ლიგა ენდესაში თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულებითაც, რომელიც 12-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო ორჯერ სეზონის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ „ლენოვო ტენერიფე“ 15 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 მარტს, „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.

0.148922