სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლი“ „ინტერს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა. ფრანჩესკო კალცონას გუნდმა ბრძოლაში მოახერხა გაცილებით კარგ ფორმაში მეტოქის შეჩერება.
„ინტერი“ მთლიანობაში უკეთ თამაშობდა, უპირატესობას ფლობდა და ახლოსაც იყო მოგებასთან. 43-ე წუთზე მატეო დარმიანმა გახსნა ანგარიში. „ნერაძური“ 81-ე წუთამდე იგებდა, სანამ ჟუან ჟეზუშმა ახლო მანძილიდან არ დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
ხვიჩა კვარაცხელია მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს. კვარამ ერთხელ დაარტყა კარში, მაგრამ მეკარემ ადვილად აჯობა. ერთხელაც მის წინააღმდეგ უხეშობისთვის ბენჟამინ პავარი გააფრთხილეს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლი“ 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში 30 მარტს, ბერგამოს „ატალანტას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. „ინტერმა“ სერია A-ში 10-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა, თუმცა, უახლოეს მდევარ „მილანს“ 14 ქულით უსწრებს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.
„ინტერი“ – „ნაპოლი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 დარმიანი (43), 1:1 ჟუან ჟეზუში (81)