ფეხბურთი

18:37 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის დუბლი და საგოლე პასი გერმანიის II ბუნდესლიგაში

გერმანიის II ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუემ“ „მაგდებურგი“ 7:0 გაანადგურა, ბუდუ ზივზივაძემ კი დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.

ქართველმა ფორვარდმა მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა მე-13 და 25-ე წუთებზე, როცა საჯარიმოში ორჯერვე კარგად ითამაშა. ტაიმის მიწურულს მან გოლებს საგოლე პასიც დაუმატა, ხოლო 65-ე წუთზე შეცვალეს.

„კარლსრუემ“ ძალიან იოლად მოიგო, 38 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში 31 მარტს კი, გელზენკირხენში, „შალკეს“ ესტუმრება.

ბუდუ ზივზივაძეს 24 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი II ბუნდესლიგაში და იგორ მატანოვიჩთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ რვაჯერ იყო.

ქართველი ფორვარდი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და თანაც, შესანიშნავ განწყობასა და ფორმაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111733