ზესტაფონში ზეიმი არ შედგა. ისტორიაში პირველი სუპერლიგის მატჩი, რომელსაც ამ ქალაქმა უმასპინძლა, ადგილობრივი გუნდის დასანანი მარცხით დასრულდა. მარგვეთი დიდ ხანს ელოდა სუპერლიგის მატჩების ზესტაფონში მასპინძლობას და ეს ნანატრი დღეც დადგა. სუპერლიგის მე-17 ტური იმერეთის ამ ქალაქში გაიხსნა.
ზესტაფონელებმა დარბაზი ტექნიკურად მოაწესრიგეს, კალათბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებულ სტანდარტებში მოაქციეს და თამაშის ჩატარების უფლებაც მიიღეს. პირველი სტუმარი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი იყო, რომელსაც გასული 13 მატჩიდან 8 ჰქონდა მოგებული და ზესტაფონელთაგან განსხვავებით სუპერლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ აწუხებდა. მარგვეთი კი ლიგაში დასარჩენად იბრძვის და ამ მატჩის მოგებას მასპინძლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდათ.
მარგვეთს გამარჯვებამდე არც არაფერი აკლდა, თუმცა ისეთი თამაში წააგო, რომლის მსგავსიც არათუ ჩვენს ჩემპიონატში, ზოგადად კალათბურთში იშვიათად ხდება. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდი 8 ქულით (101:93) იგებდა, ბურთს ფლობდა და საფინალო სირენამდე 80 წამი რჩებოდა. მალიქ ჯეიკობსი უტევდა და გაუ-ს პერიმეტრის ხაზთან მიახლოებულმა ბურთი დაკარგა. მას ლუკა სიხარულიძემ ჩაუჭრა, ხოლო სწრაფ შეტევაში გაჭრილი აიზია სმოლი მასპინძლებმა ჯარიმით გააჩერეს.
სმოლმა პირველი ჩააგდო, მეორე კი ააცილა, თუმცა ბურთი თავადვე მოხსნა და პერიმეტრზე ჩასაფრებულ ენდრიუ ლუისს გადააწოდა, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო და დასრულებამდე 54 წამით ადრე გაუ-ს ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა – 97:101. ზესტაფონელებმა წუთშესვენება აიღეს, რომელიც, როგორც დარჩენილ დროში გამოჩნდა, უფრო კარგად გაუ-ს მწვრთნელმა, დავით როგავამ გამოიყენა. თამაში განახლდა და მარგვეთის უკანახაზელმა, ლუკა ზაქრაძემ სწრაფი გარღვევა განახორციელა, რომელიც ვერ ჩააგდო და საპასუხო შეტევაში, დასრულებამდე 30 წამით ადრე იმავ ენდრიუ ლუისმა მორიგი სამქულიანი ჩააგდო – 100:101.
მასპინძლებს წუთშესვენება აღარ ჰქონდათ და დაუგეგმავად შეუტიეს. მალიქ ჯეიკობსმა ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წამით ადრე სამქულიანი ააცილა, რომელიც თევის სმიტმა მოხსნა და სწრაფ შეტევაში გადავიდა. ფარქვეშ ბურთით შესული აიზია სმოლი ჯარიმით შეაჩერეს, რომელმაც დასრულებამდე 8 წამით ადრე 2 საჯარიმოთი გაუ 102:101 (სტატისტიკა) დააწინაურა. დარჩენილ დროში მარგვეთს გამარჯვება შეეძლო, თუმცა ზესტაფონელთა სნაიპერმა, აკაკი ლომოურმა, რომლის სამქულიანმაც წინა ტურში მარგვეთს რუსთავში მოაგებინა, გადამწყვეტი ბურთი ამჯერად ვერ ჩააგდო. მასპინძლებმა მატჩის ბოლო წუთი 0:9 და მასთან ერთად მატჩიც (101:102) წააგეს.
სუპერლიგის ეს ტური თავის მხრივ ისტორიული გამოდგა. პირველად, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში, ერთი ტურის ყველა შეხვედრა სხვადასხვა ქალაში გაიმართება. მე-17 ტურში 5 მატჩია, რომლებიც ზესტაფონთან ერთად ამ თანმიმდევრობით გურჯაანში, ბათუმში, თბილისსა და გორში გაიმართება.
GBF.GE