რომის „ლაციოს“ თავდამსხმელ ჩირო იმობილეს ქუჩაში თავს დაესხნენ. ინფორმაცია უშუალოდ იტალიელმა ფეხბურთელმა გაავრცელა.
იმობილე ქუჩაში, სახლთან ახლოს, მეუღლესა და 4 წლის შვილთან ერთად იყო, როდესაც მას „ლაციოს“ რამდენიმე გულშემატკივარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკური თავდასხმაც სცადეს.
საქმე ისაა, რომ იტალიური მედიის ნაწილი წერდა, რომ მაურიციო სარის სწორედ იმობილე განუდგა, რის შედეგადაც მწვრთნელის წინააღმდეგ სხვა ფეხბურთელებიც ააჯანყა. საბოლოოდ, სარიმ კლუბი დატოვა. „ლაციოს“ ფანები კი, გუნდში სიტუაციის არევაში სწორედ ამიტომ ჩიროს სდებენ ბრალს.
იმობილემ გაავრცელა განცხადება, რომ მედიას, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებდა ბოლო დღეებში, უჩივლებს, რადგან მათ შელახეს მისი იმიჯი და სიძულვილის გაღვივება დანაშაულია.
მომხდარს გამოეხმაურა „ლაციოს“ ვებგვერდიც, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი გმობენ ნებისმიერი სახის ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს იტალიელ ფეხბურთელს.
ჩირო იმობილემ 2016 წლიდან დღემდე „ლაციოს“ მაისურით 331 შეხვედრაში 206 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში თავისი კვალი უკვე დატოვებული აქვს.