რაგბი

23:19 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ლიდერობა განიმტკიცა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მე-5 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეს ‘ლელო’ უდგას. ჩემპიონმა პირველობის ხუთივე შეხვედრა მოიგო და მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ კოლექტივად რჩება. პაატა მაისურაძის ბიჭებმა 23 ქულა დააგროვეს და მდევარ ‘აიასთან’ სხვაობა 3 ქულამდე გაზარდეს. ‘აიას’ მსგავსად, მე-4 გამარჯვება ‘აკადემიამ’ მოიპოვა და რიონისპირელებს ცხრილში 1 ქულითღა ჩამორჩება. მოწინავე სამეულს 13 ქულით კვალში ‘ბათუმი’ უდგას.

‘წიქარამ’ 11 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა. ცხრილის ბოლო სამეულის მდგომარეობა კი უცვლელი დარჩა. ‘არმია’ 6 ქულით მე-6 პოზიციას ინარჩუნებს და ‘ხარებს’ კვლავ 1 ქულით უსწრებს. უქულოდ მყოფი ელიტას დებიუტანტი ‘ტაო’ კი ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება. მორიგ ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას ‘ლელო’-‘აკადემიას’ დერბი იპყრობს.

‘აია’-‘წიქარას’ ტურის გამორჩეული შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომლის სანახაობრივი მხარე ძლიერმა ქარმაც ვერ დააკნინა. შეხვედრა ‘წიქარას’ იერიშებით დაიწყო და სტუმრებმა დებიუტში 8 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ‘წიქარას’ მგეზავ ალექსანდრე ჩოფიკაშვილის გატანილ ჯარიმას, სტუმართა ფრთა მერაბ გოგოძემ კომბინაციურ სტილში დადებული ლამაზი, თუმცა გარდაუსახავი ლელო დაურთო.

‘აია’ აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა და პირველ ტაიმში რიონისპირელთა ბურჯმა საბა მშვილდაძემ მოლით ტყუპისცალივით წყვილი ლელოს დადება მოახერხა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მოლით კიდევ ერთხელ იძალეს და მღლეტელ ნუგზარ ჟორჟოლიანის გატანილი ლელოთი ანგარიშში უპირატესობა გაიმყარეს. რიონისპირელთა სამივე გარდასხვა მგეზავმა დუტა დაშნიანმა გამოიყენა. ‘წიქარას’ საპასუხო რეპლიკა კი გარდასახული ლელოთი ჰავბეკმა იოანე სამსონიძემ დაასრულა. დარჩენილ 15 წუთში კი მეტოქეთა დიდი მცდელობისა და რამდენიმე ორმხრივი მწვავე იერიშის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. ‘აიამ’ – 21:15 მოიგო, ‘წიქარა’ კი ნუგეშ-ქულას დაჯერდა.

‘არმია’-‘ლელოს’ დედაქალაქურ დერბის „რაგბი ჭალამ“ უმასპინძლა. ჩემპიონი სრულ უპირატესობას ფლობდა და პაატა მაისურაძის ბიჭებმა „არმიელებს“ ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილეს. კვაჭ მერაბ მანჯავიძის, ფრთა გურამ გურშაულაშვილისა და შუამარბ ნიკოლოზ მაისურაძის დადებული ლელოებით ფავორიტი შესვენებაზე 17 ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘ლელოს’ უპირატესობა შუამარბ ნიკა ჯიქიძის გატანილმა ლელომ გააღრმავა, რის შემდგომ ხელი მარქაფადან ჩართულებმა: ფრთა ანდრია კუნჭულიამ და კვაჭმა ნიკა ჩიჩუამ გამოიღეს. ‘არმია’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის მიწურულს ფრთა ლუკა ტაბატაძის გარდასახული ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხა – 36:7.

‘აკადემია’ რუსთავის ‘ხარებს’ „რაგბი პლატოზე“ დაუხვდა. „მხატვართა“ შუამარბ დემეტრე დევდარიანის გატანილ ჯარიმას, ქვემო ქართლელთა მარბიელმა ლუკა გოჩაძემ გარდაუსახავი ლელო შეაგება და მატჩის დებიუტში ‘ხარები’ 2 ქულით დააწინაურა. ამის შემდეგ კი ნიკა ჩიტალაძის ბიჭები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ‘აკადემიას’ გატანილ 5 ლელოში აისახა.

დევდარიანის მორიგი გატანილი ჯარიმისა და მხტომელ ანდრია ბილანიშვილის გარდასახული ლელოთი „მხატვრები“ შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში „მხატვართა“ უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მარქაფადან ჩართულმა მასპინძელთა ფრთა არჩილ ენუქიძემ „დუბლი“ გაიფორმა, რამაც ‘აკადემიას’ მატჩი ბონუს-ქულის თანხლებით მოაგებინა – 40:10.

‘ბათუმმა’ სეზონის მესამე გამარჯვება მშობლიურ არენაზე მოიპოვა. გელა ჭოველიძის ბიჭებმა უქულოდ მყოფ აუტსაიდერ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ 12 უპასუხო ლელო დაუდეს და „მშრალი“ ანგარიშით სეზონში უკვე მეორედ იმარჯვეს. აჭარელთა წარმატებას სათავე მარბიელ გიგა ჭაღალიძის გატანილმა ლელომ დაუდო, რასაც მასპინძელთა კვაჭ ლუკა მუმიშიშის მიჯრით დადებული წყვილი ლელო მოჰყვა. მუმიშიშის შემცვლელი დადუ აბესლამიძე კი მეორე ტაიმში „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა. სწორედ აბესლამიძის დადებულმა მესამე ლელომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 76:0.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112368